|
15-03-2010, 01:33
დღეს, 15 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება იგეგმება.
სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის რამდენიმე არტილერისტი საპატიო სიგელით დაჯილდოვდება. სიგელებს მათ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა გადასცემს.
ღონისძიებაზე დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებსა და ომის ვეტერანებს საჩუქრები გადაეცემათ.
ცერემონიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეები.
ქართული არტილერიის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. |
|