|
16-03-2010, 00:24
16 მარტს 17 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართულმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია აფხაზი ბოევიკების, რუსული არმიის, კაზაკების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკების მიერ აფხაზეთის დედაქალაქზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევას და იგი მოიგერია. ეს შეტევა სოხუმის ხელში ჩაგდებას და მისი ქართული არმიის ნაწილებისგან "გაწმენდას" ისახავდა მიზნად. 1993 წლის 16-17 მარტს აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შემოტევა წარმატებით მოიგერიეს. ამ ბრძოლებს არაერთი მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა.
13:30 საათზე აფხაზეთის მთავრობის წევრები გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ.
15:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ ”მუზაში” გაიმართება აღნიშნული საბრძოლო ოპერაციისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა “მიტომ გაგვზარდა დედამა”. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. საღამოზე სამხედრო ოპერაციის მონაწილე ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.
აღნიშნული თარიღის შესახებ აფხაზური მხარეც იუწყება. მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშული შეტევის შედეგად აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა, ხოლო 70 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სეპარატისტულ აფხაზეთში რამდენიმე სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და მისი ე. წ. მთავრობის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დაღუპული მებრძოლების მემორიალი.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ მარტში სოხუმის აღების ოპერაციის ყველა მონაწილე ერთხმად აცხადებს, რომ მარტის სოხუმის "გათავისუფლების" ოპერაცია მთელი ომის განმავლობაში ყველაზე რთული იყო.
"საშინელი ამინდი იყო, მაშინ თითქოს თავად ბუნებაც კი ჩვენ წინააღმდეგ იყო", _ იხსენებს შეტევას აფხაზეთის "გმირი" გენერალ-ლეიტენანტი გივი აგრბა.
აღნიშნული შეტევის მეორე მონაწილე გენადი მარღანია: "ამბობენ, რომ ეს ოპერაცია ჩვენთვის წარუმატებელი იყო. პირადად მე ასე არ მივიჩნევ _ ეს ოპერაცია ჩვენი ტრაგედია იყო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დაიღუპა". |
|