|
16-03-2010, 14:36
ახალგაზრდა მეცნიერების სტაჟირებას უცხოეთში სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სამეცნიერეო ფონდის დირექტორმა, მარიკა გერსამიამ განაცხადეს.
გერსამიას განცხადებით, ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა. უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს. გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდებათ საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯი. კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და შემდეგ პირობებს აკმაყოფილებს: კარგად ფლობს ინგლისურს ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც გეგმავს სტაჟირების გავლას; აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი. კონკურსნტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. 2009 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამ ახალგაზრდა მეცნიერზე გასცა გრანტი, საეთო ბიუჯეტით 27 000 ლარი, რომლებმაც სამთვიანი სტაჟირება აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში გაიარეს.
წელს ბიუჯეტში ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დასაფინანსებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული. |
|