|
15-04-2010, 14:52
14 აპრილს, ქართული ენის დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში, სტუდენტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე მეუფე ანანიამ ისაუბრა თემაზე - “საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“. მან დაწვრილებით გააცნო ახალგაზრდებს საქართველოს მეფეების ურთიერთობები როგორც რომის, ასევე ბიზანტიის იმპერიასთან. მეუფე ანანიამ ერთ-ერთ ნათელ მაგალითად საქართველოს უდიდესი მეფის, ფარსმან მეორის ( ქველის) მოღვაწეობა მოიყვანა. როგორც ცნობილია, I საუკუნეში რომის იმპერატორმა იბერთა მეფის პატივისცემისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად, მოქანდაკეებს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი დაადგმევინა. შეხვედრის ბოლოს, მიტროპოლიტმა სტუდენტთა მიერ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ მეუფე ანანიას ამგვარ შეხვედრებს სტუდენტებთან ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადსამღვდელო მეუფე ანანია (ჯაფარიძე თენგიზ ანატოლის ძე), არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრი, პროფესორი, სტუ-ის თეოლოგიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი 1999 წლიდან, ავტორი ორმოცზე მეტი ნაშრომისა საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.
მეუფე ანანია დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში, ინჟინერ-ტექნიკოსოს ოჯახში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი "მართვის ავტომატური საშუალებები", 1980 წელს _ მცხეთის სასულიერო სემინარია. სწავლის პერიოდში აღიკვეცა ბერად, სახელით ანანია, კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად (1979 წლის 4 აპრილს) და მღვდლად (1979 წლის 27 სექტემბერს). 1979 წლიდან თბილისის წმ. სამების ტაძრის წინამძღვარია. 1980 წლის 27 სექტემბერს ალავერდის მონასტერში აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1981 წელს დაადგინეს არქიმანდრიტად. 1981 წლის 15 მარტს კათალიკოს-პატრიარქმა ხელი დაასხა ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად. 1981 წლის 29 აპრილიდან 1992 წლის 25 დეკემბრამდე ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსია, 1992 წლის 25 დეკემბრიდან 1995 წლის 17 ივნისამდე _ მანგლისის მთავარეპისკოპოსი, 1995 წ ივნისიდან კი მანგლისისა და წალკის კათედრაზეა.
მეუფე ანანიას ეკუთვნის ფუნდამენტური ოთხტომეული ნაშრომი "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" (თბილისი, 1996. ტ. 1; 1998. ტ. 2; 1999. ტ. 3; 2003. ტ.4), ასევე საქართველოს საეკლესიო კრებები სამ წიგნად (2003), საქართველოს საკანომდებლო კრებები, XII-XXსს. 2003, მონოგრაფიები "ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე" (თბილისი, 1994); "საინგილო" (თბილისი, 1998), "მესხეთი" (თბილისი, 1998), აგრეთვე ნაშრომები "ქრისტიანობა საქართველოში წმ. ანდრია პირველწოდებულიდან წმ. ნინომდე (1991); "საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართმადიდებლურ დიპტიქში" (1993), "ჩრდილო კავკასიაში აფხაზთა განსახლებისთვის" (1994), "ქართული ეკლესია XVII ს" (თბილისი, 1996); "დედა ეკლესია" (1996) და სხვა.
მეუფე ანანია არის ავტორი უზარმაზარი ნაშრომისა (I ტომი - 447 გვ.; II ტომი - 399 გვ.), რომლებშიც განხილულია საქართველოს ეკლესიის ისტორია I საუკუნიდან XII საუკუნემდე.
უმნიშვნელოვანესია მეუფე ანანიას ნაშრომის, “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ ოთხტომეულის 2 ტომის I თავი _ “ქართული ეკლესია I-III საუკუნეებში“. ამ პერიოდის ქრისტიანობაზე საქართველოში, ისტორიოგრაფიაში არ მოგვეპოვებოდა რაიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ამ პრობლემას არასაკმარისი ყურადღება ექცეოდა. მეუფე ანანიას ნაშრომში მოციქულთადროინდელი საქართველოს დეტალური და საინტერესო სურათია მოცემული. დაწვრილებით არის განხილული მოციქულთა მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა წყარო და საეკლესიო გადმოცემა, გამოთქმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება ქართველთა საერთო წარმოშობის, ერთიანი ქართული კულტურის, ფსიქიკური წყობის ერთობის შესახებ და სხვ.
მეუფე ანანია განიხილავს საქართველოს ეკლესიის ცხოვრების ფაქტობრივად ყველა მხარეს და ბევრ საინტერესო და ყურადსაღებ ვარაუდს გამოთქვამს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავტორის თვალსაზრისი საეკლესიო ენაზე ალბანეთში, ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილებაზე. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასა და დიპტიხზე, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის საზღვრებზე.
ხაზგასასმელია ის მდიდარი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ბაზა, რომელსაც ეყრდნობა ავტორი. მეუფე ანანიას გამოყენებული აქვს თითქმის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც წარსულში ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას ასახავს, შესწავლილი და გაანალიზებული აქვს უამრავი ავტორის ნააზრევი. ზოგიერთ პრობლემასთან დაკავშირებით ავტორი ეთანხმება ჩვენს ისტორიოგრაფიაში ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგრამ ბევრ პოლემიკურ საკითხში საკმაოდ დამაჯერებლად ახალ თვალსაზრისს ავითარებს.
მეუფე ანანიას სქელტანიანი ნაშრომის III და IV ტომებში განხილული იქნება XII-XX საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორია. 1997 წლის საეკლესიო კალენდარში მეუფე ანანიას გამოქვეყნებული აქვს “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორის“ მოკლე კურსი. ეს არის გაბმული თხრობა XV-XVIII საუკუნეების საეკლესიო ისტორიაზე. ამ მხრივ ავტორი ამ საქმის ფუძემდებელია საქართველოში. თუ არ ჩავთვლით ალ. ცაგარელის რამდენიმე წერილს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიის შესახებ და ბ. ლომინაძის რამდენიმე ნაშრომს, რომელიც ძირითადად საეკლესიო ქრონოლოგიის დადგენასა და სოციალური ისტორიის საკითხებს ეძღვნება - ჩვენს ისტორიოგრაფიას არ გააჩნია გამოკვლევები ამ საუკუნეების საეკლესიო ისტორიაზე.
მთავარეპისკოპოს ანანიას მღვდელთმთავრობისას აღდგა ღვთისმსახურება ზარზმის, ვარძიის, საფარის მონასტრებში, აღდგა ეკლესიები სოფელ ივლიტაში, ხვალიშაში, ახალდაბასა და სადგერში. გაიხსნა ეკლესიები აბასთუმანში, ბორჯომში, ალგეთში, კოდაში და სხვ. 1990 წელს მეუფე ანანიას თაოსნობით დაარსდა სასულიერო სასწავლებელი ქ. ახალციხეში, რომლის რექტორიც იგი იყო 1992 წლამდე. 1995 წლიდან პედაგოგია თბილისის სასულიერო აკადემიაში. დაჯილდოებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს წმ. მარკოზის ორდენით და საქართველოს ეკლესიის ჯილდოებით. 2005 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარეა. |
|