პარმენ ლემონჯავა და ანზორ აბრალავა ეკონომიკის კურსის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პარმენ ლემონჯავა და ანზორ აბრალავა ეკონომიკის კურსის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ მეცნიერება
19-04-2010, 01:05
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები პარმენ ლემონჯავა და ანზორ აბრალავა თეორიული და გამოყენებითი ხასიათის ეკონომიკის კურსის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელებას სთავაზობენ.

“საზოგადოების წარმოშობასა და განვითარებას მეცნიერების სხვადასხვა დარგი სწავლობს, მისი ეკონომიკური განვითარების პროცესს კი აანალიზებს და შეისწავლის ეკონომიკის მეცნიერება, რომლის პრინციპების შესწავლა-შემეცნებას საზოგადოების ყველა წევრისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. ეს ლამის ანბანური ჭეშმარიტებაა, რადგან ვინც ეკონომიკას, მისი პრინციპების საწყისებს უკეთაა დაუფლებული, მათთვის მუდამ უფრო ადვილია სამეურნეო საქმიანობის რაციონალურად წარმართვა”, _ განაცხადეს მათ ჩვენთან საუბრისას.

რატომ უნდა დაიწყოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში საზოგადოების ყველა წევრმა ეკონომიკის პრინციპების უფრო ინტენსიურად შესწავლა? _ პარმენ ლემონჯავა და ანზორ აბრალავა ოთხ მიზეზს ასახელებენ.

პირველი და უმთავრესი მიზეზი, მათი განცხადებით, ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერც ერთი ქვეყნის სპეციალისტს ვერ ექნება სრულყოფილი განათლება ეკონომიკის, მისი პრინციპების ცოდნის გარეშე. ეკონომიკის პრობლემების შესწავლა საზოგადოებაში ყოველთვის ინტერესს იწვევს, ვინაიდან იგი აშუქებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხთა წრეს, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს ეხება და აინტერესებს;

მეორე მიზეზად პროფესორები ასახელებენ იმას, რომ ყველა ასაკის ადამიანს და განსაკუთრებით 21-ე საუკუნის სტუდენტ-ახალგაზრდობას ეკონომიკის პრინციპების შესწავლას საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შეცნობაში დაეხმარება. ეკონომიკასთან მიმართებაში ჩნდება მრავალი კითხვა, კერძოდ, რატომ აქვს სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას განსხვავებული ღირებულება, ფასი და ა. შ.;

მესამე მიზეზი, მათი განცხადებით, ისაა, რომ სტუდენტი ახალგაზრდები ეკონომიკის, მისი პრინციპების შესწავლით უკეთ გაიგებენ ცხოვრების ეკონომიკურ არსს, გაარკვევენ, სად ისწავლონ, სად იმუშაონ, როგორ ხარჯონ შემოსავალი, რამდენი დაზოგონ და სხვა;

მეოთხე მიზეზი, პროფესორთა აზრით, არის ის, რომ სტუდენტ ახალგაზრდობას ეკონომიკის, მისი პრინციპების შესწავლა დაეხმარება, კარგად და ადვილად გაერკვეს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაში, განსაზღვროს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი და რატომ და ა. შ.

ყოველივე ზეემოთქმულის გათვალისწინებით, ლემონჯავა და აბრალავა დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საზოგადოების ყველა წევრს და განსაკუთრებით სტუდენტ-ახალგაზრდობას ეკონომიკის პრინციპების შესწავლა მრავალი საკითხის გააზრების პროცესში შეუწყობს ხელს.

“ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ადამიანთა მიერ ეკონომიკის საკითხებში საფუძვლიანი ცოდნის მიღება და მომავალში მისი ჯეროვნად გამოყენება ეკონომიკის განვითარების ისტორიის ცოდნას მოითხოვს. და რაკი მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა განხილული აქვთ ანტიკური სამყაროს წარმომადგენლებს _ ქსენოფონტეს, პლატონს, არისტოტელეს, ძველი ეგვიპტის, ჩინეთის მოაზროვნეებს, საჭიროა მათი შესწავლაც. ეკონომიკის შინაარსის მრავალი დებულება საწყისის სახით მოცემულია არისტოტელეს ნაშრომებში. იგი პირველად შეეხო არაერთ ეკონომიკურ კატეგორიას და გამოავლინა მათ შორის ურთიერთკავშირი, აღმოაჩინა საქონლის ორი თვისება _ სახმარი და საცვლელი ღირებულება, დაინტერესდა, რითი განისაზღვრება საქონლის საცვლელი თანაფარდობა და სხვა. არისტოტელეს თავისი შეხედულება აქვს გამოთქმული ფულის წარმოშობისა და მისი ფუნქციების შესახებაც. ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ ფულს აქვს თვისება, მესაკუთრეს მოუტანოს “ახალი ფული”, _ აცხადებენ ისინი და დასძენენ:

“ეკონომიკას, სხვა მეცნიერების მსგავსად, აქვს თავისი ცნებები და კატეგორიები, რომეთა არსში წვდომა და გაცნოებიერება აუცილებელია საზოგადოებისთვის. მაგალითად, სამეურნეო ცხოვრებაში ყველასთვის პრაქტიკულად სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რა ელემენტებისგან შედგება საქონლისა და მომსახურების ღირებულება, როგორ გამოავლენს ფული ღირებულების რაოდენობრივ მხარეს, რა სარგებლობა მოაქვს ოჯახისა და ბიზნესბლოკისთვის ბიუჯეტს, ურთიერთშემცვლელი და ურთიერთშემავსებელი საქონლისა და მომსახურების პრაქტიკულად ცოდნას, იმის ცოდნას, თუ როგორ გამოხატავს ფასი მათს ღირებულებას, რა არის და როგორ განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე ფასისმიერი და არაფასისმიერი ფაქტორების გავლენა, როგორ განისაზღვრება მოხმარება და რა გავლენას ახდენს მოთხოვნა და მიწოდება საქონლისა და მომსახურების ფასზე. ასევე, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულ და საოჯახო სამომხმარებლო დანაზოგს, რა მნიშვნელობა აქვს და როგორ განისაზღვრება კონკურენტული ბაზარი, მისი ეფექტიანობა, რა არის წარმოების ფაქტორები და რისგან შედგება წარმოების დანახარჯები, მოგება, დივიდენდი, როგორ განისაზღვრება კონკურენცია, მონოპოლია, ოლიგოპოლია, დუოპოლია, მონოფსონია, რა არის დეფლატორი, წმინდა ეკონომიკური კეთილდღეობა, ეროვნული შემოსავალი, ეროვნული სიმდიდრე, ცხოვრების დონე, სიღარიბე, მისი სახეები.

აუცილებელია იმის ცოდნა, რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ ზრდას და რითი განსხვავდება იგი ეკონომიკური განვითარებისგან, რა არის და რაში გამოიხატება ინფლაციისა და უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, აბსოლუტური და შეფარდებით უპირატესობის როლი და მნიშვნელობა, რა არის ღია და დახურული ეკონომიკა, ექსპორტი, იმპორტი და წმინდა ექსპორტი, რა არის და როგორ ხორციელდება ნებისმიერ ქვეყანაში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რომელთა ეკონომიკური შინაარსის ძებნა აუცილებელია განვითარების თანამედროვე პირობებში”.

ჩამოთვლილი ეკონომიკური ცნებებისა და კატეგორიების თეორიულ-შინაარსობლივი განსაზღვრისა და პრაქტიკულად გამოყენების მექანიზმების შესახებ ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს, პროფესორთა განცხადებით, იძლევა ეკონომიკის, მისი პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლემონჯავასა და აბრალავას განცხადებით, ეკონომიკა, მისი პრინციპების კურსი უნდა იკითხებოდეს უმაღლეს სასწავლებელთა ყველა ფაკულტეტზე: ეკონომიკური პროფილეს ფაკულტეტზე სრული კურსის, ორი სემესტრის, ხოლო დანარჩენ ფაკულტეტებზე _ მოკლე კურსის ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში.

“საბაზრო ურთიერთობები დილეტანტიზმს ვერ ეგუება”, _ აცხადებენ ისინი.
 
 

ასევე:

  • კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“
  • კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს და ხვალ“
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“
  • სტუ-ში ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუდენტები დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას ეცნობიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge