|
26-04-2010, 13:53
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ტურნირის ბოლო დღეს, 25 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალური ორთაბრძოლები ზაზა კედელაშვილმა (73 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიგეს.
დებულების თანახმად, შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში - 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში ჩატარდა, ქართველებმა კი ოქროს მედალი ვადაზე ადრე - 4 წონის შეხვედრების დასრულების შემდეგ მოიპოვეს.
66 კილოგრამში დავით ასუმბანი სოფიან მილუსთან იპონით დამარცხდა და საფრანგეთი დაწინაურდა. ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) ლუის კორვალთან 3 წუთში 2 ვაზარით ანგარიში გაათანაბრა. ლევან წიკლაურმა (81 კგ) ანტუან ჯანინი დაამარცხა და საქართველო დააწინაურა. ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი რომან ბუფეს ჩემპიონობის მომტანი იპონით სძლია.
ფინალამდე ქართულმა ხუთეულმა მოლდოვა და პოლონეთი ასეთივე ანგარიშით ჩამოიცილა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: წიკლაურმა და ლიპარტელიანმა გუნდს სამ-სამი ქულა მოუტანეს.
ცნობისთვის: ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი 150 რუს ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. პუტინმა საქართველოს ჰიმნს ბოლომდე უსმინა და ჩვენს ნაკრებს წარმატება ტაშით მიულოცა. |
|