დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანი იუბილეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანი იუბილეა კულტურა, სპორტი
22-05-2010, 19:22
დღეს, 22 მაისს, ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანი იუბილეა. მას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა. იგი იყო ქართველი მხატვარი, პოეტი, საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატი.

ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს ზემო სვანეთში, მესტიაში დაიბადა. მამამისი, სპირიდონ ფარჯიანი, პარტიის წევრი და სვანეთის სამხარეო პარტკომის მდივანი იყო. დედა, სოფიო ჯაფარიძე, გერმანულს ასწავლიდა მესტიის საშუალო სკოლაში. ირაკლი მესამე, უმცროსი ვაჟი იყო ფარჯიანების ოჯახში. ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ თბილისიდან და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მსახიობები, მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები. სპირიდონ ფარჯიანს ერთი ჰობი ჰქონდა: თითქმის მთელ თავისუფალ დროს ხეში კვეთას უთმობდა. ამ გარემოებებმა დიდი გავლენა იქონია შვილებზედაც. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლის უფროსი ძმა, მარატ ფარჯიანი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სამხატვრო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოგვიანებით მისმა შუათანა ძმამ, გოვენ ფარჯიანმაც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა ხის კვეთის ხელოვნების შესასწავლად.

ირაკლიმ ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ მცირე ხანი მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა თბილისში, რის შემდეგაც ხელოვნების აკადემიის სამხატვრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე ოჯახმა მესტიაში საკუთარი სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რაზედაც ირაკლი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობდა.

თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ირაკლი 1968-1974 წლებში სწავლობდა. აქ ჩამოყალიბდა მისი მხატვრული სტილიც.

თბილისში ფარჯიანების ოჯახი პავლოვის 29-ში (ამჟამად ყაზბეგის ქუჩა) ცხოვრობდა. 1971 წელს, როდესაც ირაკლი 21 წლის იყო, დედა გარდაეცვალა, რაც მნიშვნელოვანწილად აისახა მხატვრი ამ პერიოდის შემოქმედებაში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირაკლი თბილისის ანთროპოსოფისტთა წრეს შეუერთდა მეგობრებთან, ირაკლი რამიშვილთან და ჯორჯ ბალანჩივაძესთან ერთად.

ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. 80-იან წლებში თვითონ დაიწყო პასტელის სასურველი ფერების დამზადება და ამით საფუძველი ჩაუყარა მხატვრობაში “ფარჯიანისეულ ხელწერას”.

მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით აბსტრაქციონისტი და იმაგინაციური რეალისტია, თუმცა ნატურმორტებისა და პეიზაჟების ავტორიცაა.

“სრულიად ახალგაზრდას შეურყია ჯანმრთელობა "ძლიერმა სენმა" ზეთის საღებავებით ხატვა მისთვის აღარ შეიძლებოდა მაგრამ არჩევნის წინაშე არც დაუყენებია საკუთარი თავი, არც ავადმყოფობას უწევდა ანგარიშს, პირიქით, ეპაექრებოდა კიდეც”, _ აღნიშნავს მხატვრის მეუღლე ასმათ ფარჯიანი.

ხელოვნებათმცოდნეთა განმარტებით, ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთი მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიკურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია როგორც გათვითცნობიერებული, ასევე რიგითი მაყურებლისთვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებს. ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტები უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენ წინაშეა უზოგადესი სამყარო. ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია. სურათებზე ერთმანეთის გვერდით თანაარსობენ ისეთი საგნები, რომელთა გვერდიგვერდ წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაში ძნელია, მაგრამ მხატვარი ამას ისე ფაქიზად და უშუალოდ აკეთებს, რომ ყოველივეს ემოციური სიმშვიდით ვხვდებით. მხატვარი ერთ სურათში სხვადასხვა საგანს ხშირად სხვადასხვა მიდგომით ასრულებს და ამუშავებს. ერთი რომელიმე გამოსახულება შეიძლება იყოს მოცულობითი, ხელშესახები, ძალიან რეალისტური, მის გვერდით მეორე კი სიბრტყობრივი ან დეკორაციული ხასიათის, ან აბსტრაქტული ლაქის მსგავსი. სურათის ერთ ნაწილში შეიძლება გაიშალოს სივრცე და უცებ იქვე სიბრტყედ გადაიქცეს, ფონი გაიზარდოს გარემოში, მოულოდნელად შეიცვალოს რაკურსი და ბოლოს ძალზე დამაჯერებლად შეიკრას ერთიან ჰარმონიულ დასრულებულ ნაწარმოებში, სადაც ყველაფერი ურთიერთგაწონასწორები სა და მოწესრიგებულობის პრინციპზეა დამყარებული.

ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტებში, ისევე როგორც მის სხვა ნამუშევრებში, იგრძნობა ფერის შუქმოფენობა. ეს არის შიგნიდან, საღებავის წიაღიდან წამოსული შუქი. ეს თითქოს რეალური სინათლეა. ხანდახან გამოსახულებები თითქოს სითეთრეშიც კი იძირებიან და უერთდებიან მას.

1978-1978 წლებში სურათების სახელმწიფო გალერეაში სეზონურ გამოფენებზე დემონსტრირებული იყო ირაკლი ფარჯიანის სურათები: "პასტორას ოჯახი" და "ოთახი", რომლები საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებათა ნიშნებად იქნა აღქმული.

სურათი "ოთახი" (შექმნილი 1979 წელს) წარმოდგენითი, ფრონტალური კომპოზიციაა, გამოსახულებათა ფორმები განზოგადებული და მთლიანია. ოთახის ერთგვარ ტრენსცენდენტურ იერს წარმოაჩენს ფერადოვნება, მოვარდისფრო მიწისფერი წითლის განმსაზღვრელი აქცენტებით ცივ მწვანესთან. ამგვარ კონტრასტულ ფერადოვან გარემოში გამოსახული ქალისა და ძაღლის მუქი სილუეტები გამოირჩევა დახვეწილი გარაფიკულობით. მთლიანად ფრონტალური კომპოზიციური გადაწყვეტა სასურათო სიბრტყეზე თანმიმდევრულ ჩამოთვლა-დახასითების პრინციპს წარმოაჩენს; ყურადღებას იქცევს საზოგადოდ სურათის გადაწყვეტისას დეკორატიულობის და დაზგური ფერწერის გამოცდილების სინთეზი.

ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი 1980 წელს), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი 1981 წელს), "ჭასთან" (შექმნილი 1981 წელს) "ბაღში" (შექმნილი 1982 წელს) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისთვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი.

ფარჯიანი აგრძელებს მუშაობას სქლად ნაწერი ფერწერული აქცენტების და ფონების ესთეტიურად დახვეწილი შეხამებებით. მისი სურათებისთვის დამახასიათებელი, იდუმალი, იერატიული განწყობა შენარჩუნებულია. ირაკლი ფარჯიანის სურათები რთულ ასოციაციებს ბადებს: მათში საცნაური ხდება ქრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული დეტალების ახლებური გააზრება, (მაგ. "ჯვარცმა", შექმნილი 1985 წელს). მხატვრის ნატურმორტებში ყოფითი საგნებიც კი ამოუცნობ მნიშვნელობას იძენს თითქმის სრულ აბსტრაჰირებამდე განზოგადებულ გარემოსთან კავშირში.

მხატვრის ბოლოდროინდელ სურათებში მთლიანადაა შეცვლილი ფერადოვნება - ოსტატი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მონოქრომული ფერადების მრავალრიცხოვან ნიუანსთა გამოვლენით ძერწავს გეომეტრიზებულად სტრუქტურირებულ სივრცობრივ გეგმებს, წარმოაჩენს განათებისა და ანარეკლთა ურთიერთში გარდამავალ მონაცვლეობებს.

ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში იმთავითვე გამჟღავნებული მცდელობა ამაღლებულის, ესთეტიკის პრინციპთა დამკვიდრებისთვის, მთელი თაობის ახალგაზრდა მხატვართათვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.

მის ნამუშევრებში ხშირად მეორდება ერთი და იმავე თემატიკის ნამუშევრები. მისი საყვარელი თემა იყო "ხარება" , რომლის რამდენიმე ვერსია სხვადასხვა მასალით აქვს შესრულებული.

ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება თავისი მხატვრული მეტყველებით უაღრესად თანამედროვეა, მაგრამ ამავე დროს მის ნამუშევრებში შეიმჩნევა ქრისტიანული ხელოვნების, კერძოდ კი ქართული შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის ესთეტიკის გარკვეული მემკვიდრეობითობა – ლაკონიური და ამავე დროს უაღრესად მეტყველი კომპოზიციები თავშეკავებულ კოლორიტს ემყარება. ფიგურები წინა პლანზეა გამოტანილი, ნეიტრალური ფონები, ფიგურათა უწონადობა, სახეების, მზერის, ჟესტების ხაზგასმული ექსპრესია, დახვეწილი ემოციურობა და დეკორატიულობის თავისებური გრძნობა.

ყოველივე ეს ირაკლი ფარჯიანთან იძენს მისთვის ჩვეულ მხატვრულ გამომსახველობას და მისეულ მხატვრულ ფორმებშია განსხეულებული. იგი ქრისტიანულ თემებზე შექმნილ ნამუშევრებში იცავს ფერთა ქრისტიანულ სიმბოლიკასაც. ამ ტილოებზე კოლორიტი სულ რამდენიმე ფერს ეფუძნება, მაგრამ იქმნება არაჩვეულებრივი ფერწერულობის ეფექტი. ნათლის მნიშვნელობა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, როგორც ცნობილია, უმთავრეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ირაკლი ფარჯიანის ტილოებზე ღვთაებრივი ნათელი ახლებურადაა გადმოცემული – ეს არც შუასაუკუნეების ოქროს ლიცლიცია და არც რენესანსეული მატერიალური სინათლე – მისი ანგელოზები თეთრი ნათლით არიან მოსილნი, მათ თავისებური შუქმფენობა ახასიათებთ.

ირაკლი ფარჯიანის მთელი შემოქმედება ფიქრია მარადიულ თემებზე – რწმენაზე, სიყვარულზე, ჭეშმარიტების ძიებაზე. ყველა ნამუშევარი მაღალი სულიერების, დიდი კულტურის, გულწრფელობისა და სიყვარულის მატარებელია. თითოეულ ნახატში მხატვრის ფიქრი, მისი მდიდარი სულიერი სამყაროა ასახული. მათში ირაკლი ფარჯიანი მხატვარ-მოაზროვნედ გვევლინება.

ირაკლი ფარჯიანის ფერწერას განუმეორებელი ხიბლი აქვს, მის ფერწერულობას განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებს – ფორმები თითქოს ძალდაუტანებლად იბადება ფერთა ლივლივში. მას ფორმის თავისებური გრძნობა აქვს. მაღალი მხატვრული კულტურა, შინაგანი კეთილშობილება, ღრმა სულიერება, გულწრფელობა – რაც გხიბლავს ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში.

ირაკლის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება. შექმნილი აქვს ოჯახის წევრებისა და მეგობრების უამრავი პორტრეტი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის პროფესორ ირაკლი გოგუაძეს მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება
  • გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა
  • ”ღია გალერეაში” ცხინვალელი ფერმწერის ნოდარ გიუნაშვილის გამოფენა გაიხსნა
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუ-ის პროფესორის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
  • პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge