|
26-05-2010, 14:53
საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პატაკი აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა.
აღლუმი კატინში დაღუპული ჯარისკაცებისა და სმოლენსკში ავიაკატასროფის შედეგად დაღუპული პოლონელების ხსოვნის უკვდავსაყოფად წუთიერი დუმილით დაიწყო. დღევანდელ სამხედრო აღლუმს პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ოჯახის წევრები და მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელიც დაესწრო.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის ფარგლებში, ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის შსს-ის შენაერთის მყვინთავები დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ნუგზარ შარაშიძეს, მირზა კონცელიძეს, ასლან ინაიშვილსა და ალბერტ ხინტილაძეს "საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სოფელ ველისციხის განადგურებისგან გადარჩენისთვის" ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა დამსახურებისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი 23 ადამიანი დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის ფარგლებში გადასცა. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ორდენები გადაეცათ დევი ჭანკოტაძეს (საქართველოს შეიარაღებული ჯარების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისთვის), ნინო ანანიაშვილს (ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისა და საქართველოს სახელის მსოფლიოში წარმოჩინებისთვის), ალექსანდრე ბესტავაშვილს (მრავალწლიანი თავდადებისთვის ქართულ საქმეში და უცხოეთში ქართულ დიასპორაში მუშაობისთვის); ლადო გურგენიძეს (საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე რთულ დროს და ნოვატორობისთვის ქართულ ბიზნესში); ნიკა ვაჩეიშვილს (100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისთვის); ალბერტო დომინგო კაბოს (ბათუმისა და ანაკლიის ბულვარების, თბილისის გმირთა მემორიალისა და საქართველოს ახალი პარლამენტის პროექტის შექმნისთვის); ნანი ბრეგვაძეს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის); კობა ნაყოფიას (პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ქართულ ბიზნესში); ნინო სუხიშვილს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის); როლანდ ახალაიას (70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისთვის); ხატერ მაქანის (საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისთვის და წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის); ლევან ალექსიძეს (სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სიმართლის სკოლის შექმნისთვის); იულონ გაგოშიძეს (ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და დიდი პატრიოტული ღვაწლისთვის); როლანდ ახალაიას (დიდი დამსახურებისთვის სამედიცინო საქმეში და სამოქალაქო საქმეში თავდადებისთვის); ჯემალ ჭკუასელს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის); ეკა ზღულაძეს (ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის და ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახის წარმოჩენისთვის); რამაზ ნიკოლაიშვილს (წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრობის აღმშენებლობის საქმეში); დანიელ კუნინს (თითქმის ოცწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის საქართველოში); შამილ ქორთოშიძეს (ქართული საფრენოსნო სკოლის შექმნისთვის და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში), ილიკო სუხიშვილს (საქართველო წარმოჩინებისთვის); ნიაზ დიასამიძეს (ნოვატორობისთვის და პატრიოტული საქმიანობისთვის); ირაკლი ეზუგბაიას (წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშნებლობის საქმეში) და პაატა ბურჭულაძეს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისთვის).
უმაღლესი მთავარსარდლისა და პირადი შემადგენლობის მისალმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე
დღეს ჩვენი უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დღეს აღვნიშნავთ და ეს დღე, ალბათ, ყველაზე სათაყვანოა ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ თავისუფლებისმოყვარე ერისთვის არაფერი არ არსებობს უფრო ძვირფასი, სათაყვანებელი და უფრო სათუთი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. მით უმეტეს, ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო უამრავ განსაცდელს, უამრავი მტრის შემოტევას და ამ იმპერიების მიერ ოკუპაციას.
ხშირად მსოფლიოს უძლეველ იმპერიათა მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდებოდა ათეულობით და ასეულობით წლების განმავლობაში. იყო შემოტევები, რომელიც ანადგურებდნენ ყველაფერს, რაზედაც ქართველი კაცი შეძლებდა საკუთარ სამშობლოში ფეხის მოკიდებას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერი არ გატყდა, არ დაყარა ფარ-ხმალი, არ შეეგუა პატივისა და ღირსების აყრას, არ დათმო ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ და ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი. იმიტომ, რომ ის იმპერიები გადაშენდნენ, მათვის ადგილი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე ეწერა და საქართველო ისევ არსებობს. ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერც ერთხელ ისე, რომ ხელახლა დადგომის ჟინი და მონდომება დაგვეკარგა. ისევ არსებობს ქართველი ერი _ გაუტეხელი, შეუდრეკელი, როგორც დღიდან მისი დაბადებისა. ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი ქართული დროშა. ამიტომ არის ეს დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი.
მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლისა, როგორც ჩვენ, ქართველ ერს, იმიტომ, რომ თუ რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ერი - ქართველები. ჩვენს თაობებს დიდი პრივილეგია გვერგო წილად _ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ არ გვეშინია დამპყრობლის რეპრესიების, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები ამას ვერ ახერხებდნენ. მათთვის სიტყვა დამოუკიდებლობის ოცნებაც კი სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა. მათთვის ყველაფერი ქართული _ ენაც, დამწერლობაც, ხშირად მალვით იყო შესანახი, რათა ისიც არ წაერთმიათ. ჩვენი წინაპრების ყველა თაობა იბრძოდა დამოუკდებლობისთვის. მაგრამ ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ, ვინაიდან ძალიან ცოტას ერგო ბედნიერება, ებრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ენით აუწერელი თავგანწირვის მიუხედავად, აქამდე ვერც ერთმა თოაბამ ვერ შეძლო, საბოლოო და შეუქცევადი გამხდარიყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ჩვენს თაობას აქვს პატივი, ვიყოთ ამ განსაკუთრებულ დროში. იმ ხალხს შორის, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობის დასაცვავად და გვაქვს შანსი, გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინც გატეხს ნავსს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისთვის. ეს, ერთი მხრივ, დიდი პატივია, ხოლო მეორე მხრივ _ დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე. დამპყრობლის მორჩილების ქვეშ ცხოვრებაში რომ რაიმე კარგი ყოფილიყო, მილიონი ჩვენი წინაპარი არ გაწირავდა თავს დამოუკიდებელობისთვის ბრძოლაში. ეს ნიშნავს უფლებას, თავად ავირჩიოთ ჩვენი მომომავალი, თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა, შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად.
დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას, ვიდგეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და ვიმოქმედებდოთ არა სხვისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. დამოუკიდებლობა ნიშნავს, თავად ვირჩევდეთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელს. რაც მთავარია, სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს ერთადერთ გზას, გზას თავისუფალი საზოგადოებისკენ.
არ არსებობს ხალხის თავისუფლება დამოუკიდებლობაწართმეულ ქვეყანაში. მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არის პოლიტიკური გამოხატულება ჩვენი ერის ფუნდამენტური იდეის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას, ჩვენს უნარს, ვეტრფოდეთ თავისუფლებას. ჩვენ დამოუკიდებლობის გარეშე, სხვა ძალის, გარეშე ძალის მმართველობის პირობებში ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს წინაპართა წინაშე და ამიტომ ჩვენ მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ სხვა გარეშე ძალების მიერ.
მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება ჩვენს ქართულ, კავკასიურ ოცნებას მომავალზე. საქართველოს დამოუკდიებლობა ეფუძნება არა რომელიმე პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტიის, ჯგუფისა და ძალის ახირებას, არამედ ჩვენი ხალხის თავისუფალ სულსა და გაუტეხელ ეროვნულ სიამაყეს. ჩვენს დამოუკიდებლობას ისევ უპირისპირდება იმპერია. არსებობენ ძალები, რომლებიც გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ამ დიდ ბრძოლაში.
მათი მოციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდენენ და ყიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ ოცნებაზე. გვეუბნებიან, რომ მორჩილება და უუფლებობა ჩვენი გადარჩენის, არსებობის ერთადერთი ფორმაა.
მათი ლოგიკით, ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოს გააჩნია, თავზე ნაცრის წაყრა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა. მათი ლოგიკით და ფილოსოფიით, თუ მტერი ძლიერია, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მაგრამ სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართველ მრავალსაუკუნოვან გენს. გენს, რომელმაც გამოგვატარა ბასიანი, დიდგორი.
ჩვენს მაშინდელ ლიდერებსა და პატრიოტებს რომ ერთი წამითაც დაეწყოთ ფიქრი დანებებასა და ხელების ჩამოშვებაზე, დღეს არათუ სახელმწიფოებრიობა, არამედ ეროვნებაც აღარ შეგვრჩებოდა ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში.
თითოეულმა ქართველმა მამულიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ვერაფერი მოადუნებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი მრავალეთნიკური ერის დიდებული წარსულისა და მომავლის წინაშე.დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში; რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას; რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას; რამდენად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში; რამდენად სწრაფად ჩამოვაყალიბდებით ხელახლა, როგორც მოდერნიზებული თანამედროვე ევროპული ერი.
დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეფუძნება იმასაც, თუ რამდენად შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას კორუფციისგან, რამდენად შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას, რამდენად შევძლებთ ჩვენს ხალხს შევუქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ქვეყნისთვის რეგიონალური ეკონომიკის ახალი ცენტრის ფუნქციას მოვიპოვებთ. რაც მთავარია, იმაზე თუ რამდენად დაცული იქნება ჩვენი საზოგადოება კრიმინალისგან და ძალადობისგან. რამდენად სტაბილური იქნება გარემო, რამდენად ერთიანი იქნება ჩვენი ხალხი და რამდენად მტკიცე იქნება სახელმწიფოებრივი აპარატი და სამართალდამცავი სტრუქტურები, რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი არმია. კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, აცხადებენ, რომ ის, რაც დღეს ამ გამზირზე ხდება, არის ჩვენ მიერ იარაღის ჟღარუნი და უბრალოდ ახირება. ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშისა და სამხედრო ტექნიკის ხმას, ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა.
რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულისფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს შეძლებს და ეს ყველამ ერთად უნდა განვაცხადოთ. იმიტომ, რომ ის დრო წავიდა, როგორც არ უნდა უნდოდეს მას. ვისაც უნდოდა ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა, ვერ გაიგეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ფუნქციონირებადი სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს, ეროვნულ ინტერესებსა და მის დაცვას; ვერ გაიგეს, რომ ჩვენთვის ინსტიტუტების სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა და პირადი სახელი და დიდება და მით უმეტეს, კორუფციული სიმდიდრე; ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დამთავრდა დრო, როდესაც მცირერიცხოვანი კორუმპირებული, უსამართლო, ერთმანეთის გაუტანლობასა და ქედმაღლობაზე დაფუძნებული ელიტა დახურულ ოთახებში განსაზღვრავდა ქვეყნის მომავალს, გზას უკეტავდა ყოველგვარ ნიჭს, კლანური, კუთხობრივი და კიდევ რაღაც სხვა ნიშნების მიხედვით. ერთხელ და სამუდამოდ ეს ისტორიას ჩაბარდა და აღარასოდეს უკან აღარ დაბრუნდება. საქართველო დაეფუძნება ნიჭიერებასა და ნიჭიერებისთვის გზის გახსნას. ვინც მეტს იშრომებს, ვინც უფრო ნიჭიერი იქნება, ვინც უფრო მეტი პატრიოტი იქნება, ის წავა წინ საქართველოში და არა ის, ვინც თვლის, რომ მას ეს ეკუთვნის სხვადასხვა წარსული მომენტების გამო. მათ ვერ გაიგეს, რომ მთლიანად საქართველო აღარასდროს დაბრუნდება წარსულში და ეს მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის. ვერ გაიგეს ის, რასაც ჩვენი უკვდავი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი ამბობდა _ “ამ მთათა გამო, ამ ტყეთა გამო, ყველაფრის გამო, ირგვლივ რაც არის, ვინც აქ იშვა და ... ვინც აქ იზარდა – არ შეიძლება იყოს ლაჩარი!“
ჩვენი ათასწლეული სიმტკიცის ეროვნული სული ახალი თანამედროვე ღია ევროპული საზოგადოების სახელით იმოსება, ჩვენი ინსტიტუტები მტკიცეა, როგორც არასდროს, ჩვენ ეკონომიკა, მთელი სიძნელეების, გაჭირვების მიუხედავად და დიდი უმუშევრობის მიუხედავად, გაჯანსაღების გზას ადგას, ევროპული ინტეგრაცია პროგრესირებს და შეუქცევად ხასიათს იღებს.
ჯერაც რჩება დიდია წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი სვლა დამოუკიდებლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ გზაზე გაგრძელდება და მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. |
|