1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა ---
1-06-2010, 01:57
დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” ბავშვთა უფლებებზე კონფერენცია გაიმართება.კონფერენციის სახელწოდება: “ბავშვის უფლებაა _ მოუსმინონ”. კონფერენცია ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის “სახალხო დამცველის დახმარება” მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობენ ბავშვები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საზოგადოებას თავიანთ შეხედულებებს გააცნობენ. კონფერენცია სათავეს დაუდებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც ქმედითად ჩაერთვება სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მუშაობაში. ამავე დროს, საბჭოში გაერთიანებულ მოზარდებს თავიანთ სკოლებში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა მიეცემათ. კონფერენციის მიზანია, გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას და განათლებას ეხება; მოხდეს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრებიან.

11:00 საათზე საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლას ეწვევა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. 203-ე საჯარო სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავაშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200-მდე მოსწავლე სწავლობს. გარდა ამისა, განათლების მინისტრის ინიციატივით, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართება. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთა ნამუშევრებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები გაეცნობიან. გარდა ამისა, დიმიტრი შაშკინი დაესწრება კონფერენციას _ “ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ". კონფერენცია საქართველოს სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრისა და ევროპის საბჭოს პროექტის - "სახალხო დამცველის დახმარება" - მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია, გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებასა და განათლებას ეხება.


თსუ-ის ინიციატივით, სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ღონისძიებები გაიმართება. პატარებს გასართობი ცენტრი "მადაგასკარი" უმასპინძლებს, მაღაზია "ჭიტა" კი სათამაშოებით დაასაჩუქრებს. შემდეგ ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლებს. თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისა და ევროპის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ასოციაციის წევრი ორგანიზაცია - "ემსა თსუ"-ის ეგიდით პირველი კორპუსის ეზოში ჯანდაცვითი ღონისძიება გაიმართება. სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები “ემსას” პროექტის - "დათუნია დრუნჩას კლინიკის" (Teddy Bear Hospital), მონაწილეები გახდებიან. პროექტი მთელ ევროპაში წარმატებულად ხორციელდება და "თეთრი ხალათის" შიშის დასაძლევად სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვების ფსიქოლოგიურ მომზადებას ისახავს მიზნად. ამასთან, პედიატრთა ჯგუფი ბავშვების ჯანმრთელობას შეამოწმებს. გაიმართება სპეციალური გაკვეთილი პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, რომელსაც პატარებს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაუტარებენ. ბავშვები პირის ღრუს მოვლის საპროფილაქტიკო საშუალებებითაც დასაჩუქრდებიან. სამედიცინო შემოწმების შემდეგ თსუ-ის ეზოში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება მოეწყობა. ხატვის კონკურსის - "ჯანმრთელი მსოფლიო" - გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიც გადაეცემათ. ღონისძიებებს თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ხელმძღვანელობა ბავშვთა სახლ "სათნოების" აღსაზრდელებს საჩუქრებს გადასცემს. კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სახელით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს და 45-ვე აღსაზრდელს საჩუქრებს გადასცემს. “კომპანიის მიერ მომზადებული საჩუქრები ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ინტელექტუალურ განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს”, _ აცხადებენ კომპანიში. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბავშვთა სახლ “სათნოებას” უკვე 1 წელია მეურვეობს.

"მზიურში" მზის ყოველწლიური ფესტივალი "ჩვენ ვხედავთ მზეს – 2010" გაიმართება. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი ანა გოგუაძის ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და საბავშვო ღონისძიება. ფესტივალი განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მათი სოციალური, ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად. ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება და წელს მეხუთე, საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ. დასწრება თავისუფალია, თუმცა ფესტივალზე სპეციალურად მიწვეულნი არიან კოჯრის ბავშთა სახლის მზრუნველობამოკლებული ბავშვები. თბილისში ისინი მთელ დღეს გაატარებენ სხვა ბავშვებთან ერთად.
წლევანდელი ზეიმი 2 ძირითად მიზანს ემსახურება: უდედმამო და ინვალიდ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა; ზრუნვა ბავშვთა ქალაქ "მზიურზე", რომ ის იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნების ადგილად - ბავშვთა ქალაქად. ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება და პროგრამა შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება: ფესტივალს გახსნის მოძრაობის თეატრის კარნავალი. მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობს მხიარული თოჯინა – "მზე", 15:00 საათზე "SOS" ბავშვთა სოფლის "მხიარული ავტობუსი"", მოეწყობა ვაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა ნახატების გამოფენა თემაზე - "ჩემი ოცნების მზიური", ასფალტზე ფერადი ცარცებით ხატვა; 17:00 საათზე დაიწყება "ანა-ბანას" დასკვნითი კონცერტი. პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

1-ელ და 2 ივნისს გალერეა "ჰობიში" (თბილისი, ჭანტურიას ქ. 8.) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ასოციაცია "მომავლის იმედი" და ფოტოგრაფთა კლუბი " Graf.ge" ორგანიზებას უწევენ საქველმოქმედო აქციას: "ფერადი დღე". ღონისძიება ჩატარდება სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფთა კლუბი " Graf.ge"-ის მიერ შერჩეული ფოტოსურათები. ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების ხელნაკეთი ნივთები. გაყიდული ფოტოებიდან და სუვენირებიდან შესული თანხა სრულად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

11:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიებას მართავს. წყნეთის, კოჯრისა და დიღმის ბავშვთა სახლებიდან შერჩეული შემოქმედებითად მოაზროვნე მოსწავლეები, პატარა მწერლები და პოეტები, დაათვალიერებენ სპეციალურად მათთვის მოწყობილი უძველესი ხელნაწერების გამოფენას. ექსპოზიციის ნახვის შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმბოლურად წერილები მისწერონ კორნელი კეკელიძესა და ივანე ჯავახიშვილს მათივე სახელობის მემორიალურ კაბინეტებში. მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მიესალმება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს“ ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილისგან პატარები სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.

12:00 საათზე გაიმართება "მაცაცერას სახლისა~ და თოჯინების თეატრის პრეზენტაცია (ტაშკენტის #18), რომლის დამფუძნებელი და დამაარსებელია თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი რამაზ იოსელიანი. მაცაცერას სახლში თოჯინების თეატრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ყველა თაობის ბავშვისთვის საყვარელი ზღაპარი "სამი გოჭი~. სპექტაკლში მონაწილეობენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებულები. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი არის საქველმოქმედო და წარმოდგენაზე დასწრება ყველა ბავშვს შეუძლია. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ღია ავტობუსით მაცაცერას მეგობრების, ცნობილი ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა შემდეგი მარშუტით: საბურთალო-ვაკე-ვერა-რუსთაველი-თავისუფლების მოედანი. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი მოძრავი თოჯინები: მაცაცერა, შრეკი, ფიფქია, კონკია, ლომი ალექსი, სპანჩბობი, პიტაჩოკი, მიკი მაუსი, იხვი დონალდი, ადამიანი ობობა, სუპერმენი, თაგვი რატატუ, ბეგემოტი გლორია და სხვები. საზეიმო მსვლელობის დროს დიდი მოძრავი თოჯინა-პერსონაჟები გაართობენ ქუჩაში მოსეირნე ბავშვებს.

19:00 საათზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ზონის (გალის რაიონი) მოსწავლეებს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში უმასპინძლებს. ახალგაზრდულ ცენტრში აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა ალმანახის _ "მე და მშვიდობა“ _ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ფონდის "მშვიდობა და ჰარმონია“ პროექტის _ "მე და მშვიდობა, არა – ძალადობას“ ფარგლებში ხორციელდება. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო თხზულებები იქნება წარმოდგენილი, ხოლო აფხაზეთის #2 ხელოვნების სკოლის მოსწავლეები საგალობლებს შეასრულებენ. სტუმრებს ალმანახი "მე და მშვიდობა“ გადაეცემათ, სადაც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი 60–მდე ბავშვის ნაწარმოებია გამოქვეყნებული. ალმანახი უწმინდესისა და უნეტარესის მხარდაჭერით გამოქვეყნდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ფერმწერი და გრაფიკოსი მოსწავლეები მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ახალგაზრდა მხატვრებს თავად გააცნობს გარემოს, რომელმაც უდიდესი ქართველი მხატვრის შემოქმედება განსაზღვრა და ჩამოაყალიბა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშწყობით ფოროსმანაშვილის სამყაროს მეტი შემეცნებისა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზუემი საგანმანათლებლო პროგრამებს კვირაში 2-ჯერ განახორციელებს და ზაფხულის განმავლობაში ტურისტების გარდა ბავშვებს საგანგებო პროგრამით უმასპინძლებს. 1-ელ ივნისს მირზაანში მოსწავლე მხატვრების პირველი სასწავლო ვორკშოპი გაიმართება. დასრულებული ნამუშევრების გამოფენა რამდენიმე კვირაში ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა. ნამუშევრებს პროფესიონალი მხატვრები შეაფასებენ, საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს კი ეროვნული სააგენტო სიგელებს გადასცემს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად, 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

 
 

ასევე:

  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება
  • საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სტუ-ს ესტუმრნენ
  • სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" გაიმართება
  • ბავშვთა ნახატების გალერეაში ქართველი მოსწავლეები დააჯილდოვეს
  • საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge