საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, საინიციატივო ჯგუფ "გული გულს" ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის პარტნიორობით, პროექტ "ერთი დღე სტუდენტის" ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ეწვივნენ. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სამთო შახტა-ლაბორატორია და მუზეუმები.
ღონისძიების ინიციატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ირმა ჯანგირაშვილის განცხადებით, ასეთი ღონისძიება ერთჯერადი არ არის.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ განათლების სისტემის პრიორიტეტად ტექნიკური სფერო მიიჩნია. მნიშვნელოვანია, მოზარდები სკოლის პერიოდშივე დაინტერესდნენ საინჟინრო სპეციალობებით, რათა მართებულად განსაზღვრონ თავიანთი შესაძლებლობები და სამომავლოდ გეგმები დასახონ", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში აღსაზრდელები ზოოპარკში გაასეირნეს და დღის ბოლოს სპეციალურად მათთვის გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლ "ქართველოს" კონცერტი.
ღონისძიებას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად დაესწრნენ ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლები.