|
3-06-2010, 00:36
5-6 ივნისს საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირ 2010-ს" მართავს. ტურნირში ოცი 6-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო შეჯიბრება სამ დისციპლინაში - სირბილში, ველორბოლასა და ჯომარდობაში - გაიმართება. ჯგუფში 6 მონაწილეა (აქედან სამი სირბილში მიიღებს მონაწილეობას, სამი - ველორბოლაში და ბოლოს ექვსივე ჯომარდობაში).
გამარჯვებული გუნდები სპორტული მაღაზიების ფულადი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი). I ადგილი: 3000 ლარის ვაუჩერი, II ადგილი: 2000 ლარის ვაუჩერი, III ადგილი: 1000 ლარის ვაუჩერი.
სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ისეთი ტურისტული სეგმენტის განვითარებას, როგორიცაა საფეხმავლო, ველოტურები და ჯომარდობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობები: 1. ძირითადი შეჯიბრება- ტრიატლონი (სირბილი, ველორბოლა, რაფტინგი), 2. გასართობი ღონისძიება - მწვადის საღამო მუსიკის თანხლებით, 3. შეჯიბრება მკლავჭიდში, 4. ლუდის ფესტივალი, 5. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, 6. ტურნირის მონაწილეთა და ჟურნალისტების უფასო ჯომარდობა მტკვარზე, 7. ტურნირის დასრულების შემდეგ პირველად საქართველოში 2-დღიანი ჯომარდობა ვარძიიდან თბილისამდე.
გარდა ამისა, მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოეწყობა ვარძიის კომპლექსის უფასო დათვალიერება, რაც ასევე მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" რეგიონალური ტურიზმის განვითარებისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას.
ტურნირს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის ყოველ წელს გაიმართება. |
|