|
14-08-2010, 00:27
14 აგვისტოს ბათუმში საქართველოში პირველი ქვიშის სახეობების სპორტული მოედანი გაიხსნება . ბულვარის გაგრძელებაზე გაშენებულ ახალ რაიონში მოწყობილ ქვიშის არენას პირველები მორაგბეები გახსნიან.
14-15 აგვისტოს ქვიშის რაგბის ტრადიციული ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოყვარულ და პროფესიონალ მორაგბეთა 21 გუნდი მიიღებს. ტურნირის გახსნის ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილეები, გიორგი ავალიანი და დავით ნამგალაური დაესწრებიან. ტურნირზე პროფესიონალთა 10 და მოყვარულთა 8 გუნდი ითამაშებს. პროფესიონალებში პირველობისთვის თბილისური კლუბები: "ყოჩები", "თი-ბი-სი", "დევები", "ხულიგანა", "აკადემია" და "არმაზი" და ასევე, ქუთაისის "აია", გორის "ლომები", ფოთის "რაინდები" და ბათუმის "ბათუმი-15" იბრძოლებენ.
მოყვარულთა შორის შეჯიბრში 8 გუნდი ჩაერთვება – "პროკრედიტბანკი", ფორმულა "კრეატივი", ჯარისკაცებით დაკომპლექტებული "სპა", ეროვნული ბანკი, ვეტერანი მორაგბეები, "ცენტრ-პოინტი", "გეპეის ვეტერანები" და "ნატახტარი კასრის" გუნდი, რომელშიც სპორტის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ითამაშებენ. ჟურნალისტთა გუნდი და “ფორმულა კრეატივის” გუნდი ტურნირზე კომპანია "ნატახტარის" ხელშეწყობით ითამაშებენ.
მინიტურნირი გაიმართება ქალთა 3 გუნდს შორისაც. ერთმანეთს თბილისის "ჯვაროსნები", ქუთაისის სარაგბო სკოლა და ბაქოს "კასპიელი კატები" დაუპირისპირდებიან.
ტურნირის გენერალური სპონსორი "კასრის ნატახტარია". სპონსორები - "პროკრედიტ ბანკი", "ცენტრ-პოინტი", "ორიფლეიმი" და "თელიანი ველი". შეჯიბრი 18:00 საათზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყება, 19:00 საათზე კი გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ნახევარფინალში გამსვლელი გუნდები კვირას გამოვლინდებიან, საღამოს კი გადამწყვეტი თამაშები ჩატარდება, რასაც ტრადიციული სარაგბო მესამე ტაიმი მოჰყვება. ipn.ge |
|