|
8-06-2010, 02:04
მოზარდებში კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება. როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდში აცხადებენ, პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი.
აღნიშნული ფონდის "ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში", დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ტესტირების მეთოდი, რომლითაც უფასო ფსიქოლოგიური გამოკვლევა ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის მე-6-მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ. “იმ მოზარდებს, რომელთაც ტესტირების შედეგად ამა თუ იმ ასოციალური ქცევისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდებათ, "ავერსის" კლინიკაში, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკლვლევა, FMRI ჩაუტარდებათ. ჩატარებული ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე, ექსპერტები დაადგენენ: პრობლემების მქონე მოზარდთან, ასოციალური ქცევის პრევენცია უნდა განხორციელდეს ფსიქოკორექციის მეთოდებით, თუ რეკომენდირებულია მედიკამენტური მკურნალობა”, _ აცხადებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდში.
კვლევასთან დაკავშირებით ფონდში დღეს პრესკონფერენცია გაიმართება. |
|