|
16-05-2011, 22:57
გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში ორი მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის ჩატარებას იწყებს. წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) 5000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევაში (TIMSS) 10 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოზარდებში კითხვის უნარის განვითარებას აფასებს. მასში მსოფლიოს 53-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS) ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კვლევაში 80-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
კვლევები საქართველოს 170-ზე მეტ სკოლაში 17, 18 და 19 მაისს ჩატარდება.
დაწყებით კლასებში კითხვის უნარის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს საბაზისო უნარი აუცილებელია ნებისმიერ საგნის შესწავლისათვის. მათემატიკა სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო გეგმის ფუნდამეტური ნაწილია და სააზროვნო პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, ის მოზარდ თაობას სამყაროს შემეცნებაში ეხმარება.
იმ ფაქტორების დასადგენად, რომელთაც გავლენა აქვთ მოზარდთა წიგნიერებას, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაზე, სპეციალური კითხვარს შეავსებენ მოზარდების მშობლები, პედაგოგები და დირექტორები.
საერთაშორისო კვლევების მიზანი სასწავლო პროცესის შეფასება და დაშვებული ხარვეზების გამოვლენაა. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევები კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შევადაროთ და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიღწევები გავითვალისწინოთ. ორივე კვლევა კარგად აჩვენებს რა არის დასახვეწი სასკოლო განათლებაში იმისათვის, რომ მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდეს. კვლევების საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყანას სასწავლო პროცესის გაჯანსაღებისთვის გამოადგება.
საქართველო საერთაშორისო საგანამანათლებლო კვლევებში 2006 წელს ჩაერთო. მაშინ პირველად ჩატარდა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, ხოლო 2007 წელს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (მე-4, მე-8 კლასების მოსწავლეები) ჩატარდა. საქართველოს კვლევის ამ მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შედეგების შედარებისა და პროგრესის შეფასების საშუალება ექნება. ghn |
|