|
17-06-2010, 00:39
17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა."
"ვეფხისტყაოსნის" კითხვაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს: სტუდენტები, მათ შორის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები.
"ვეფხისტყაოსნის" კითხვის დღე 7 წელია, ყოველწლიურად იმართება. ამ ტრადიციას საფუძველი დათო ტურაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა ჩაუყარეს. წინა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა თბილისში, სენაკსა და თამარაშენში მოეწყო.
შოთა რუსთაველი, რუსთველი (დაახ. 1160/65 - ? ) მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა “ვეფხისტყაოსანი”, მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს, რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე ( ტიმოთე გაბაშვილის მიერ 1757-1758 წლებში ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მათ შორის, ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისთვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად მიიჩნევს მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია, სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის, თამარისა და მისი მეუღლის, დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში "რუსთაველიანა". მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტ-ნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, კოხტათავის შეთქმულებაში.
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ - ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
“ვეფხისტყაოსანი” შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა. პოემა შედგება პროლოგის, თხრობითი ნაწილისა და ეპილოგისგან. პროლოგში გადმოცემულია რუსთაველის მოძღვრება პოეზიასა და მიჯნურობაზე, რაც შემდეგ სრულქმნილია პოემის ნარატიულ ნაწილში. პოემის პროლოგის ერთმა ფრაგმენტმა: “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ... ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები” ეჭვი დაბადა პოემის ფაბულის ორიგინალობის მიმართ, თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ პირველივე მეცნიერული გამომცემელი და კომენტატორი, სპარსული ლიტერატურის ზედმიწევნით მცოდნე ვახტანგ VI აღნიშნავდა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოებაო“. პოემის სიუჟეტის უცხოური წარმომავლობის თვალსაზრისი სრულიად უნიადაგო აღმოჩნდა. უეჭველია, რომ „სპარსული ამბის“ მომიზეზებით რუსთაველმა გამოიყენა სიუჟეტური გაუცხოების ანუ შენიღბვის ცნობილი ხერხი. პოემაში გადმოცემულ ამბავს მან უცხოური გარემო, ვრცელი გეოგრაფიული არეალი მიუსადაგა.
„ვეფხისტყაოსანი“ ორპლანიანი, რთული სიუჟეტის მქონე პოემაა. აქ მოთხრობილია ორი პარალელური ამბავი - ინდოეთისა (ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი) და არაბეთის (თინათინისა და ავთანდილის ამბავი). ისინი უმჭიდროესად არიან ერთმანეთში გადახლართული. ძირითადი სიუჟეტი, თავის მხრივ, გამდიდრებულია შენაკადი ეპიზოდებით (ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი და სხვა), რომლებიც ორგანულად ერწყმიან დრამატული კოლიზიებით აღსავსე ამბების ლოგიკურ, დინამიკურ მდინარებას. კომპოზიციურად განუკვეთლად შეკრული, ერთიანი და მთლიანი პოემა უაღრესად მიმზიდველია და საინტერესო საკითხავია.
პოემაში, არაბეთისა და ინდოეთისა გარდა, მოხსენიებულია კიდევ ხატაეთი (ჩინეთი ან სოგდიანა. სახელწოდება, სავარაუდოდ, ხათისგან წამოიშვა, მაგრამ ისტორიკოსთა ნაწილი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ხატაეთი ხორეზმის სამეფოს ერთ-ერთი ტერიტორია დამოუკიდებელი და ძლიერი იყო ერთი საუკუნის განმავლობაში) და ხვარაზმი, აგრეთვე ”ქაჯეთის ციხე” (სავარაუდოდ, ქაჯის ციხე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია).
შოთა რუსთაველის სახელთან საქართველოში უამრავი რამაა დაკავშირებული: საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ..
|
|