|
21-06-2010, 01:10
არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავთან, საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. შენობას საძირკველი უკვე ჩაეყარა. საქველმოქმედო პროექტს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს. ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.
1985 წელს, ჟინვალის კაშხლის მშენებლობის დასრულების შედეგ, წყლის ქვეშ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი და ეკლესია მოექცა, მათ შორის XI-XII საუკუნეებში ნაგები ჯვართამაღლების (ჯვარპატიოსნის) ეკლესია, რომელიც მხოლოდ ზამთრის პერიოდში ჩნდება, როცა წყლის დონე იკლებს. იმ მიზნით, რომ მრევლს აღნიშნული სიწმინდე დაუბრუნდეს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინიციატივით შედგა პროექტი, რომელიც ჯვართამაღლების ეკლესიის ზუსტი ანალოგის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის საბოლოო ვარიანტისა და ეკლესიის მშენებლობის ადგილის შეთანხმება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან კომპანიის გენერალური დირექტორის შეხვედრისას გადაწყდა. ჯვართამაღლების ეკლესია ჟინვალის კაშხლის მარცხენა ფერდობზე, მთათუშეთის გზაზე, სოფელ ჩინთთან აიგება.
ეკლესიის მშენებლობის დაწყება წილკნის ეპარქიის მიტროპოლიტმა ზოსიმემ აკურთხა. ცერემონიას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მშენებლობაზე ექსპერტთა უშუალო ხელმძღვანელობით გამოცდილ კალატოზთა ბრიგადა იმუშავებს. ეკლესია აიგება ანანურში მოპოვებული ანალოგიური ქვით, როგორითაც ძველი ჯვართამაღლების ეკლესიაა ნაშენი. ipn.ge |
|