|
4-07-2010, 14:54
4 ივლისს ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "ქართველი ებრაელები _ მათი ისტორია და კულტურა". გამოფენა იერუსალიმის ბენ ცვის ებრაული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში დაცული ქართველ ებრაელთა უძველესი ისტორიისა და კულტურის ამსახველი ასზე მეტი ძეგლი: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ეროვნული სამოსი, ფოტოები, საკულტო-რელიგიური და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. საქართველოში 1933-1936 წლებში ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოეწყო ეთნოგრაფიული ექსპედიციები. შეგროვდა უამრავი ჩანახატი, ფოტო, ეროვნული კოსტიუმი, აქსესუარი, ამულეტი, ფოლკლორული მასალა, საკულტო-რელიგიური და სხვა ყოფითი ნივთი. ექსპედიციაში მონაწილე ქართველი მხატვრები ადგილზე ამზადებდნენ ებრაელთა ტიპაჟებისა და მათი ცხოვრების ამსახველი დეტალების ესკიზებს, შემდეგ მუზეუმში ჩატანილი ნივთების საფუძველზე ქმნიდნენ ებრაული ყოფისა თუ რელიგიური რიტუალური შინაარსის სურათებს. გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება. |
|