|
11-07-2010, 01:48
საგამოფენო დარბაზ “უნივერსში“ გაიხსნა ჩეხი და ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სტუ-ისა და პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესრულების მიმდინარეობას ასახავს.
გასული წლის ბოლოს ჩეხეთის მთავრობამ გამოყო გრანტი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სხვადასხვა სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის, ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, იან ბიჩანის ძალისხმევით, ამ გრანტიდან გამოიყო ნაწილი საქართველოში განსახორციელებელი პროექტისთვის, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის 15-20 სტუდენტის ევროპული სტანდარტებით მომზადებას ითვალისწინებდა.
გასული სემესტრის განმავლობაში ქართველმა და ჩეხმა სტუდენტებმა თავიანთი ქვეყნების დედაქალაქების ურბანული და არქიტექტურული განვითარების პრობლემებზე იმუშავეს და შრომის შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს.
აღნიშნული გამოფენისთვის პრაღიდან ჩამოფრინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორი ჩეხი სტუდენტები, ხოლო სექტემბერში დაგეგმილია საუკეთესო ნამუშევრების ქართველი ავტორების პრაღის არქიტექტურულ სკოლაში მივლინება და შესაბამისი კატალოგის გამოცემა. |
|