|
14-07-2010, 01:52
14 ივლისს ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 82 წელი შეუსრულდებოდა. მწერლის ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავთან, თბილისში, საბავშვო ქალაქ "მზიურში", ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან.
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ას ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, ნოდარ დუმბაძე სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
1967-72 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1972 წლიდან მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ჟურნალ "მოლოდაია გვარდიას" სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1950 წლიდან დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები იბეჭდებოდა პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული, "სოფლელი ბიჭი", 1960 წელს გამოქვეყნდა.
მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960) და "მე ვხედავ მზეს" (1962). ნოდარ დუმბაძეს რომანებისა ("მზიანი ღამე" (1967), "ნუ გეშინია, დედა!" (1971), "თეთრი ბაირაღები" (1973) მოთხრობებისთვის 1975 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე.
დუმბაძის ოთხი რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962 წ. რეჟისორი თ. აბულაძე), "მე ვხედავ მზეს" (1965 წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!", "ნუ გეშინია, დედა" (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი).
ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.
გურამ ასათიანი მის შესახებ ამბობდა: “ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს. ისეთი პიროვენებები, როგორიც ნოდარ დუმბაძეა, სულიან-ხორციანად ხალხს ეკუთვნიან, მშობელ ხალხს ეკუთვნის მათი გული და შთაგონება. მხოლოდ მშობელი ხალხია მათი მედისა და გულისთქვის გამგებელი, მათი ფიქრისა და წადილის ნამდვილი მოკარნახე. ხალხი კიდევ ბევრს მოელის და მოითხოვს თავისი რჩეული შვილებისაგან”
მწერალი ჩინგიზ აიტმატოვი: “ნოდარ დუმბაძე ჩემთვის ახლობელია სიცოცხლის შეგრძნებით, იმის რწმენით, რომ რეალური ცხოვრება მხოლოდ მაშინაა სისხლსავსე და აზრიანი, როცა მასში იღვიძებს მითის ხსოვნა, როცა მისთვის უცხო არ არის ზღაპარი და არც რცხვენია მისი აღიარება. და კიდევ იმით არის ახლობელი, რომ ბავშვობა, თუ ადამიანს ახსოვს და არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს მას, აყალიბებს მის პიროვნებას... ყოველივე ეს განსაზღვრავს მის დიაპაზონს და რაც უფრო ფართოვდება მისი თვალსაწიერი მით უფრო თანამედროვეა ადამიანი, რამეთუ მასში დაუოკებელია ჰარმონიულობისკენ სწრაფვა. ასეთი იყო თავად ნოდარი - დელიკატური, დახვეწეილი ადამიანი, მოულოდნელი ღიმილით, სიხარულით რომ გვასაჩუქრებდა ყველას, ღიმილით, რომელიც ასე აუცილებელია ყოველთვის”.
გიორგი გაჩეჩილაძე: “თუ რატომ აირჩია ნოდარ დუმბაძემ თვითგამოხატვის ფორმად მაინცდამაინც მწერლობა, პასუხს ამ კითხვაზე მისივე შემოქმედება იძლევა, ეს არჩევანი კი, ეტყობა, მისი თვითშეგრძნების სამ სვეტს დამყარებულმა იმპლუსმა განსაზღვრა: - ადამიანებთან კომუნიკალობის საოცარი უნარი - გრძნობის გაზიარების პათოსით... - გეზი არტისტიზმის საკუთარი ბეჭდით დასმული სიკეთისაკენ... - მსოფლგაგების განუყოფელ თვისებად ქცეული ჰუმორი... ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისა და პიროვნების კონტექსტში თვითეული ეს ფაქტორი აყვანილია საგანგებო თემის, ან მოტივის ხარისხში. ისინი აქ ცხოვრების ჩამუქებულ სამყაროდან ამოვარდნილ ხანძრის კერებად განიცდებიან... მან საკუთარ კანონზომიერებას დამორჩილებული სამყარო შექმნა. ამ სამყაროში სრულიად მოულოდნელი კუთხეებიდან ნათდება ადამიანთა ვნებათაღელვის ხან წამახული, ხანაც თანალმობით მომნუსხველი ფორმები”.
აკაკი გაწერილია: “ჩვენს ლიტერატურაში მარტო ნაწარმოები, თუნდაც შედევრი, არ წყვეტს მოქმედების ბედს. ნაწარმოებს უნდა მოსდევდეს ავტორის ბიოგრაფიული სიმდიდრეც. მეტიც: იგი თავის შემოქმედებაზე მაღლა უნდა იდგეს. ეს გარემოება ერთადერთი გარანიაა ერის, ნაციის კულტურაში მწერლის საბოლოო დარჩენისა. საბას, ილია, აკაკისა და ვაჟას ქვეყანაში ამ შეხედულებას მტკიცება არ სჭირდება. შეიძლება ნაწარმოები მოგეწონოს, მაგრამ ავტორს პატივს არ სცემდე და არ გიყვარდეს იგი. ნოდარ დუმბაძემ, როგორც რჩეულმა, თავისი სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. და ორივე - დამსახურებულად!”
გურამ გვერდწითელი: “ნოდარ დუმბაძის შემოქმედება უაღრესად ქართულია არა მარტო იქ გამოხატული გარემოთი და ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ჩვევებით, ყველა მთავარი თუ არამთავარი მხატვრული კომპონენტით, არამედ, რაც მთავარია, ქართულია იმ ფესვებით, რომლითაც წარსულის ეროვნულ კულტურას უკავშირდება და იმ მაღლა განტოტვილი გვირგვინითაც, მომავლის მწერლობას რომ სწვდება წინაპართაგან შთამომავლობით მიღებული ეროვნული სულისა და მრწამსის გადასაცემად”.
ევგენი ევტუშენკო: “როცა ჯოდარის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული ლიტერატურა, ეპიკისა და აღსარებითი ამოოხვრის შენაცვლების გზით პირველმა შეიტანა მასში წიმნდა პოეზიის ბადალი ნაკადი თავისუფალი შეგენისა. მისი ცდების გარეშე, არ იქნებოდა ბევრი რამ, რითაც დღეს ამაყობს ქართული ლიტერატურა”.
ვიტალი კოროტიჩი: “მას ძალიან უყვარდა ადამიანები. ჩემივე ნათქვამს ვიმეორებ, მაგრამ არ შემიძლია არ ვილაპარაკო ამაზე, იმიტომ რომ სახალხო სიყვარულის ოკეანე მის გარშემო მუდამ ღელავდა, აძლევდა ძალას და მე დარწმუნებული ვარ, ამოძრავებდა ნოდარის ცხოვრებას. სიყვარული სიცოცხლის მომნიჭებელია. იგი, როგორც შეეძლო იღვწოდა, მაგრამ ხალხიც აფასებდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას. ის იყო დიდი მწერალი და ამასთანავე დიდბუნებოვანი ადამიანი. გახსენებაც კი მეძნელება, ვის შეეძლო ასეთი გამჭრიახობით შეეგრძნო ბოლომდის ადამიანები, როგორც ეს ნოდარს სჩვეოდა, ვის შეეძლო ასე გაეგო და წინასწარ ეგრძნო სხვათა სულიერი ტკვილები. ნოდარ დუმბაძის ადამიანური ავტორიტეტუ არაფერით არ ჩამოუვარდებოდა მის ლიტერატურულ მონაპოვარს - საერთიდ, ძნელია ცალ-ცალკე გავთიშოთ მისი სამწერლო და საყოფაცხოვრებო რეპუტაცია. მასში ყველაფერი ერთად იყო: ჭეშმარიტი სიცოცხლე ხომ მარადის ერთიანია”.
არჩილ სულაკაური: “ბედით, ხასიათით, ცხოვრების ნოდარის მხატვრული ქმნილებები ძალზე ჰგვანან ნოდარს, მათ შემოქმედს, ისინი ადვილად იკვლევენ გზას მკითხველის გულისაკენ, ხიბლავენ, აჯადოებენ და ნუსხავენ ადამიანებს, ირგვლივ ფეირვერკივით აფრქვევენ სიხარულსა და სიკეთეს. ამავე დროს, მის რომანებში და მოთხრობებში ბევრი ტკივილია, ჩუმი, უთქმელი, თითქოსდა შეუმჩნეველი ტკვილი, რომელიც მეტიჩრულად არ გეჩხირება თვალში და წინა რიგებში არ იკავებს ადგილს. ისევე, როგორც ნოდარს, მის ნაწარმოებებსაც ახასიათებთ ექსპანსიური, დამპყრობულური თვისებები, ადვილად იპყრობენ ქვეყნებს და ხალხებს, ოღონდ ეს ექსპანსია ადამიანის სულიერ სფეროს მოიცავს და ამდენად ყველა ჩვენთაგანისათვის ძალზე სასიამოვნო, სასიხარულო და საამაყო პროცესია, რადგან შენი მეგოვბარი, შენი თანამოკალმე, შენი თანამემამულე, თვალნათლივ ხედავ, სიცოცხლეშივე როგორ იპყორბს სივრცეებს. იგი სიკეთით დაპყრობილ სივრცეებზე სიხარულს თესავს. ეს დიდი ბედნიერებაა. ბედნიერებაა არა მარტო მწერლისთვის, არამედ მისი ხალხისათვის, მისი ქვეყნისათვის, მისი სამშობლოსთვის”.
ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1983 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
|