|
18-07-2010, 00:38
საზაფხულო სკოლის 36 საუკეთესო მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო სკოლის იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრებიან.
მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსის მონაწილე 400-მდე მონაწილისგან შეირჩნენ. უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა. მათ სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი და თავიანთი პედაგოგების, ლიდერებისა და თანატოლების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.
პროგრამა "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში" და "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში" 2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად ხორციელდება და მასში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-8 მე-9, მე-10, და მე-11 კლასის 1200 მოსწავლეა ჩართული. სამივე ნაკადიდან (თითოეულში 400 მოსწავლეა) 36-36 საუკეთესო მონაწილე ირჩევა და ეტაპობრივად იგზავნება ინგლისში ორი კვირით.
"ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების" პროგრამის ფარგლებში, პირველ ნაკადის მოსწავლეები 22 ივნისიდან 12 ივლისამდე იმყოფებოდნენ წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს ბაზებზე. მათზე ბანაკის დირექტორი გაერთიანებული სამეფოდან, ერთი უფროსი მასწავლებელი, ცხრა ინგლისური ენის პედაგოგი და ცხრა ლიდერი ზრუნავდა.
მეორე ნაკადის 400 მოსწავლე მიმდინარე წლის 14 ივლისს გაემგზავრა წყნეთის, ბაკურიანისა და წყალტუბოს საზაფხულო სკოლებში. ბოლო, მესამე ნაკადი აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრება. |
|