|
25-07-2010, 01:50
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
კრიკეტი (Cricket) ბურთის ერთგვარი თამაშია, სადაც ორ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ცდილობენ, ჯოხით შეაგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კარში. თამაში ფართოდაა გავრცელებული ინგლისში და მოზარდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის. ეს იდეა მინისტრმა წყნეთის საზაფხოლო სკოლაში პირველი სტუმრობისას გააჟღერა.
კრიკეტის ათვისებაში ქართველ მოსწავლეებს სკოლის დირექტორი გაერთიანებული სამეფოდან მარკ დაბლი დაეხმარა. შეჯიბრის მონაწილეებმა კარგი მომზადება და გამარჯვებისათვის ნამდვილი ბრძოლა აჩვენეს.
”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, წყნეთში მეორე ნაკადის წარჩინებული და სხვადასხვა უნარით გამორჩეული 130 მოსწავლე ისვენებს. პარალელურად ისინი ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად, წყნეთში, ბაკურიანსა და წყალტუბოში ანხორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლის 1200 მოსწავლეა ჩართული. mes.gov.ge |
|