|
24-07-2011, 00:50
სამეცნიერო სკოლების 30-მდე მოსწავლე კურორტ აბასთუმანში პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
2011 წლის 23-30 ივლისს “საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსი”, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო სკოლების მოსწავლეთა პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას კურორტ აბასთუმანში.
საზაფხულო სკოლა გათვლილია მესამე საფეხურის მოსწავლეებზე (15-დან 17 წლის ჩათვლით). ბანაკი დაკომპლექტებულია საქართველოსა და სომხეთის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების (თბილისის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო, თბილისის კომაროვის სახელობის №199 საჯარო, ქუთაისის რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლების, ერევნის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის) აქტიური და წარმატებული მოსწავლეებით.
პროექტი წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით, 2011 წლის იანვარში ქ. ერევანში ჩატარებული ოლიმპიადის ფარგლებში წამოწყებული ქართული და სომხური სამეცნიერო სკოლების პარტნიორობის გაგრძელებას და აღნიშნული ინიციატივის რეალიზების მომდევნო ეტაპს.
საზაფხულო სკოლის პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები; ერთობლივი პროექტების ინიცირება; ინტერკულტურული ურთიერთობები;
საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები განხორციელდება სამი საგნობრივი დისციპლინის მიმართულებით: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და მასში ქართველ და სომეხ მოსწავლეებთან ერთად ლიტველი, ესტონელი, ლატვიელი და უკრაინელი მოზარდებიც ჩაერთვებიან. mes.gov.ge |
|