|
30-07-2010, 00:13
არასამთავრობო ორგანიზაციის - "ფრთხილად, ბავშვებია!" - მიერ შექმნილმა "დემოკრატიის ბავშვთა უნივერსიტეტმა" 26-30 ივლისს ბათუმში ჩაატარა ტრენინგ-სემინარი "დემოკრატია ჩვენი ცხოვრების სტილია" და ინტერაქტიული თამაში "ჩვენი ოცნების ქალაქის მერის არჩევნები". პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.
ოთხი დღის განმავლობაში პროექტის 32 მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა შვილები, ბაკურიანის საჯარო სკოლის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელები და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველი მოზარდები გაეცნენ დემოკრატიის და მოქალაქეობის წარმოშობის ისტორიას, მათ ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს, სამართლებრივი სახელმწიფოს სტრუქტურას, განიხილეს ბავშვის უფლებების საკითხები.
თამაშში "ჩვენი ოცნების ქალაქის მერის არჩევნები" მონაწილეობისას ბავშვები გაეცნენ საარჩევნო სისტემის ძირითად ელემენტებს. მოზარდებმა იდეალური მერის თვისობრივი კრიტერიუმების გამოკვეთა სცადეს.
პროექტის ინიციატორთა განცხადებით, ტრენინგებზე შეძენილი პრაქტიკული ცოდნა ხელს შეუწყობს მოზარდების მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას, თავიანთი უფლებების უკეთ დაცვას და ჯგუფური მუშაობის პრინციპების ათვისებას. |
|