|
19-08-2010, 17:37
19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მათთვის, ვინც მარიამობის მარხვას იცავს, ეს დღე თევზით ხსნილია.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. სახარების მიხედვით, უფალმა ისურვა, მისი ღვთაებრივი ბუნება, რომელიც კაცური ბუნებით იყო დაფარული, მოწაფეებს ეხილათ. თუმცა ამ საიდუმლოებაში მონაწილეობის ღირსი ყველა არ გამხდარა. მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია უფალმა თაბორის მთაზე ასაყვანად, დანარჩენები მთის ძირას დატოვა. მწვერვალზე ასვლით დაქანცულ მოციქულებს ჩაეძინათ. მაცხოვარმა ლოცვა დაიწყო. უეცრად არაბუნებრივმა ნათელმა მოიცვა ყველაფერი, მოციქულებს შეშინებულებს გაეღვიძათ. მათი მოძღვრის სახე მზესავით ბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი გამხდარიყო. მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველები, მოსე და ილია იდგნენ და ესაუბრებოდნენ. ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ. როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. |
|