11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება კულტურა, სპორტი
11-09-2010, 01:35
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფება. პატრიარქი დარიალის ხეობაში არსებულ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სახელობის ნატაძრალზე, ღია ცის ქვეშ, საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

პატრიარქმა უკვე მოილოცა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიებში არსებული ტაძრები, სოფელ ახალციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კი პარაკლისი გადაიხადა.

პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში, პატრიარქთან ერთად, 10 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა. უწმინდესმა რეგიონში პრეზიდენტის ჩასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა და მიხეილ სააკაშვილი დალოცა. ილია მეორემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთად მოილოცეს სნოში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. პატრიარქმა პრეზიდენტს ტაძრის ეზოში ახლად დადგმული ძეგლიც აჩვენა.

პატრიარქი თბილისში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. იგი მშობლიურ კუთხეში 8 სექტემებერს ჩაბრძანდა.

იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა.

უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა იროდ ანტიპამ (ჰეროდემ) იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი - ჰეროდიადა შეირთო.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც ძალიან უყვარდა იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე: არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ ჰეროდე ერთხანს აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოსწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულში დანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემელისადმი.
 
 

ასევე:

  • 11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა
  • ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
  • მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge