|
5-10-2010, 20:42
პროგრამა "ისწავლე საქართველოში" ფარგლებში 20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში "ისწავლე საქართველოში".
პროგრამას, რომელიც თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდობისთვისაა შემუშავებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ.
პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 20 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ამ პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. სწავლის პერიოდში სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ. სწავლება ქართულ ენაზე იწარმოებს.
პროგრამით გათვალისწინებულია პირველ წელს ქართული ენის შესწავლა.
ეს ახალგაზრდები მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. |
|