|
16-10-2010, 00:23
16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისში, უსინათლოთა კავშირის ოფისში უსინათლოთა კავშირის აფხაზეთის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე დავით ყვირილიანი პრესკონფერენციას გამართავს.
ყვირილიანი საქართველოში პირველი უსინათლო ადამიანი იქნება, რომელიც ალპინისტური წარმატების მიღწევას, კერძოდ ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის (5047 მ) მყინვარწვერის დალაშქვრას შეეცდება. აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის დავით ყვირილიანი პრესკონფერენციაზე ექსპედიციის დეტალებზე ისაუბრებს.
ყვირილიანი ექსპედიციაში მომავალ კვირაში პროფესიონალ მთასვლელთა ჯგუფთან ერთდ გაემგზავრება. პირველი ქართველი უსინათლო მთასვლელის შესახებ იგეგმება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება. მყინვარწვერზე გადამღები ჯგუფის 5 წევრიც მიემგზავრება. ეს უსინათლო ადამიანის მიერ მწვერვალის დალაშქვრის საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი, მსოფლიოში კი მე-9 შემთხვევა იქნება.
უპრეცედენტო პროექტს კრეატიული სტუდია "იGეო" ახორციელებს. სტუდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს. პროექტის "ვიმეგობროთ უსინათლოებთან" ფარგლებში კრეატიურლმა სტუდიამ დონორების მხარდაჭერით თანამედროვე ქართველ მწერალთა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი მოთხრობები გამოსცა, მოაწყო უსინათლოთათვის გარემოს ადაპტაციის მხარდამჭერი აქცია, გამოფენა და სხვა. ghn.ge |
|