|
19-11-2010, 15:26
დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ.
მემორანდუმის მიზანია იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარება და შემდგომი გაღრმავება.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და სანოტარო მომსახურებაში დანერგილ სიახლეებზე, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრში აღნიშნული ფაკულტეტის რამდენიმე მაგისტრი გადის ნოტარიუსის სტაჟირებას. ამასთან, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებსაც მიეცემათ სანოტარო ბიუროებში სასწავლო პრაქტიკის გავლის საშუალება.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გააცნოს მათ სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები. მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. |
|