|
24-11-2010, 00:34
დღეს, 24 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება ახალგაზრდული სამიტი, რომლის მსვლელობაშიც საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები და 10 უნივერსიტეტის შერჩეული აქტიური სტუდენტები საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების (Millennium Development Goals) შესრულების შესახებ იმსჯელებენ.
სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად სამიტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროებისა წარმომადგენლები ისაუბრებენ საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების შესახებ და პასუხს გასცემენ სამიტის მონაწილეთა შეკითხვებს.
სამიტის მუშაობა გაგრძელდება რვა სამუშაო ჯგუფში, რომელნიც თითოეული მიზნის შესაბამისად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ხოლო შემაჯამებელ სესიაზე შედგება შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა და სამომავლო ინიციატივების წარმოჩენა.
დღის ბოლოს ახალგაზრდულ სამიტს საზეიმოდ დახურავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
ახალგაზრდული სამიტი უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც 2010 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ინიციატივის პირველ ეტაპზე საქართველოს 10 უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო სემინარები ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ.
პროექტს - ახალგაზრდული სამიტი "ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში" - ახორციელებს სამოქალაქო განვითარები საერთაშორისო ქსელი (INCD). პროექტის კოორდინატორია სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. |
|