|
16-11-2010, 00:59
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
სახალხო დამცველი წარმოადგენს მოხსენებას, რომელიც 2010 წლის განმავლობაში ტოლერანტობის სფეროში საქართველოში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს მიმოიხილავს.
ტოლერანტობის დღის აღნიშვნას დაჯილდოების ცერემონიები დაასრულებს. სახალხო დამცველი დაასახელებს ჟურნალისტური კონკურსის "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" გამარჯვებულებს; ხოლო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ტრადიციულად დააჯილდოებენ "ტოლერანტობის ქომაგებს" - იმ პირებს, ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. |
|