|
28-11-2010, 00:09
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა.
ფარულ კენჭისყრაში 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო.
ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
"თბილისი 2015" - შესაბამისი ბანერები ბელგრადის სასტუმრო "ჰაიატის" ფოიეში უკვე განთავსებულია. ბელგრადში იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია. მათ შორის არიან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასამბლეაზე 10-წუთიანი შოუპროგრამა წარმოადგინეს. სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის სიმღერაც ჩაიწერა, რომელსაც დუეტი "ჯორჯია" ასრულებს.
ბელგრადში იმყოფება თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა. ასამბლეის მონაწილეებს კენჭისყრის დაწყებამდე ვიდეომიმართვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. ghn |
|