|
4-06-2010, 15:26
დღეს, 4 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ტრაგიკულად დაღუპული წევრის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ესკიზის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესრებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები.
საფოსტო მარკა საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით გამოიცა, რისთვისაც მან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა. აღნიშნული ინიციატივა სამინისტრომ გაიზიარა და საფოსტო მარკის გამოცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. შპს “საქართველოს ფოსტის" მიერ ოპერატიულად შემუშავდა საფოსტო მარკის ესკიზის რამდენიმე პროექტი, რომელთაგან საუკეთესო ავტორად შალვა ლურსმანაშვილი დასახელდა. საფოსტო მარკის გამოცემას ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა გია ნაცვლიშვილმა და რამაზ გოგლიძემ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჯაქუს როჯის გადაწყვეტილებით, საფოსტო მარკაზე ოლიმპიური თამაშების ემბლემა გამოისახება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს - საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობის საფუძველზე, ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის წარმოდგენილი ესკიზის პროექტი, რომლის მიხედვით შპს "საქართველოს ფოსტა" უახლოეს პერიოდში განახორციელებს საფოსტო მარკის დაბეჭდვის ორგანიზებას, რის შემდგომ იგი დადგენილი წესით მიმოქცევაში იქნება გაშვებული.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. მომხდარ ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს უბედური შემთხვევა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მისი გამომწვევი მიზეზი არა სპორტსმენის გამოუცდელობა, არამედ ტრასის ტექნიკური გაუმართაობა იყო. მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ადამიანმა თანაგრძნობა გამოუცხადა. ghn.ge |
|