ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს კულტურა, სპორტი
13-12-2010, 16:14
თბილისში, ორთაჭალაში, წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა. ეკლესიის მშენებლობა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით დასრულდა.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის კურთხევა წმიდა მეფის ხსენების დღეს დაემთხვა და მას საქართველოს პროკურატურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღეს ქართლის მეფის, პოლიტიკური მოღვაწისა და სარდლის, ქართველი წმინდანის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე აღინიშნება. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული.

საქართველოს ტახტის მემკვიდერე ვახტანგ მირდატის ძე 442 წელს დაიბადა. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს – საურმაგს. მირდატ მეფე 449 წელს გარდაიცვალა. ვახტანგი მაშინ 7 წლის იყო.
მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ირანელთა აგრესიისგან დაცვას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ. ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა.

ვახტანგის მამა, ქართლის მეფე მირდატი, ღვთისმოშიში მმართველი იყო. მან ცოლად მოიყვანა რანის ირანელი გამგებლის, ბარზაბოდის ქალიშვილი საგდუხტი. მეფე-დედოფალს სამი შვილი შეეძინა: ხვარანძე, მირანდუხტი და ვაჟი, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგი. საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტიანობა და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. სამეფოს უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი განაგებდა. მალე ვახტანგის აღმზრდელი საურმაგიც გარდაიცვალა და ჯუანშერ სპასპეტმა ითავა უფლისწულის აღზრდა. მეცნიერთა ნაწილი სწორედ მას მიიჩნევს ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერად, თუმცა ნაწილის აზრით, ამ ნაწარმოების ავტორს XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა.

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, როდესაც ქართლს ოსები შემოესივნენ, ააოხრეს ქართლი, აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს მეფის და მირანდუხტი. ამავე დროს, ბიზანტიელები აფხაზეთში შეიჭრნენ. ვახტანგი მტკივნეულად განიცდიდა ქვეყნის დაქცევასა და დის ტყვეობას. თხუთმეტი წლის ასაკში წარდგა იგი დარბაზის წინაშე და შეკრებილ დიდებულებს განუცხადა: "ჩვენი განსაცდელის გამო ცხოვრების ყოველი დღე მწუხარებაში გამიტარებია. ჩემი დის სიბრალული ცეცხლის მახვილივით მიტრიალებს გულში. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს. მე ვერ მოვითმენ შეურაცხყოფას ოვსთაგან, უნდა ვიძიოთ შური მათზე". საპასუხო ლაშქრობა ოსთა მარცხითა და ტყვეების გათავისუფლებით დასრულდა. ბრძოლის დროს მეფემ პირადად განგმირა მოწინააღმდეგის რამდენიმე საუკეთესო მეომარი. ჯუანშერის მიხედვით, ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯამდე ილაშქრა და დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ მათი ბატონობისგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც ააშენა ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთიც.

ირანელებმა V საუკუნის I ნახევარში ქართლს მეტად მძიმე გადასახადი - სამხედრო ბეგარა დააკისრეს. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელებთან ერთად საომრად წასულიყვნენ. ვახტანგ გორგასალი რამდენიმე წელიწადს ქართველთა ჯართან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. სამშობლოში იგი დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ გაეთავისუფლებინა ქვეყანა ირანელთა ბატონობისგან. ამისთვის საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული ფეოდალების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეების შეძენა. ვახტანგმა თავდაპირველად ყურადღება ეკლესიას მიაქცია. მეფის სურვილს, წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მათი პირისპირ შეხვედრისას ვახტანგმა მუხლი მოიდრიკა მთავარეპისკოპოსის წინაშე, მან კი კბილი ჩაუმტვრია - "განძრა ფეხი და შემუსრა კბილი მისი". მეფემ მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა. გადააყენა მიქაელი და პატრიარქს სთხოვა, ქართლში პეტრე კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ანტიოქიის პატრიარქის კურთხევით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. კათოლიკოსობის დაწესება, თავის მხრივ, ნიშნავდა ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში.

ირანელთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლებას ხელს უშლიდა ის, რომ მათ მოკავშირეები ჰყავდათ ქვეყნის შიგნით. ერთ-ერთი მათგანი იყო ვარსქენი, ცნობილი და გავლენიანი ერისმთავარი, რომელსაც ცოლად შუშანიკი ჰყავდა. 482 წელს ვახტანგმა პოლიტიკური მიზეზით მოაკვლევინა ვარსქენი, რაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. აჯანყებაში მონაწილეობდნენ სომხებიც, ცნობილი სარდლის ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით. მაგრამ ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. მთავარი მიზეზი კი ღალატი იყო. მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თუმცა მალე დაბრუნდა ქართლში და ბრძოლა განაგრძო. უკანასკნელად იგი სპარსელებს სამგორის ველზე დაუპირისპირდა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა: "მოიკლა მონათყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ღლიასა ქვეშე და აღიპრა რა ხრმალი თვისი რათა სცეს კაცსა სპარსთაგანსა, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე". დაჭრილი მეფე უჯარმაში გარდაიცვალა. ჯუანშერი გადმოგვცემს მის ანდერძს: "თქვენ მკვიდრნო ქართლისანო! გაიხსენეთ ჩემი სიკეთე, ის, რომ პირველად ჩემი სახლისაგან მოიღეთ ნათელი საუკუნო და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ".

ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება თბილისის, უჯარმის, არტანუჯის, ხორნაბუჯისა და ციხე-ქალაქ ჭერემის დაარსება. მის დროს აშენდა ნინოწმინდის, ჩელეთის, ნიქოზისა და სხვა ტაძრები, განახლდა სვეტიცხოველი: წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე ქვის დიდი ბაზილიკური ტაძარი აიგო.

ვახტანგ I გორგასალი 502 წელს გარდაიცვალა. მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს. მისი ხსენების დღედ 30 ნოემბერი ( 13 დეკემბერი) დაწესდა.
 
 

ასევე:

  • დღეს თამარობაა
  • ხვალ თამარობაა
  • ეროვნულ არქივში გამოფენა "ვახტანგ VI" გაიხსნება
  • ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დღეს ნინოობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge