|
13-02-2011, 17:17
დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
თამარი, თამარ მეფე, დაიბადა დაახლოებით 1160 წელს, გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 1213 წელს (ზოგი მოსაზრებით, 1210 ან 1207). იგი იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუხდა მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა უბოძეს ტიტული "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი".
დღესვე მართლმადიდებლურ ტაძრებში დიდმარხვისთვის მზადება იწყება. დიდმარხვისთვის მორწმუნეების მომზადება რამდენიმე კვირით ადრე ხდება. ამასთან დაკავშირებით, მომავალი კვირა მსგეფსია.
დღეს, საღმრთო ლიტურგიის დროს, ტაძრებში წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის იგავის შესახებ ადგილი წაიკითხება. მეზვერისა და ფარისევლის კვირას უძღები შვილისა და ყველიერის კვირები მოსდევს.
წელს დიდმარხვა 7 მარტს დაიწყება და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. |
|