|
29-12-2010, 00:59
საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (დადგენილება №351.24.11.10), ჩამოყალიბდა ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ზოგადად ქართული სალიტერატურო ენის და, კერძოდ, ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარების პროცესს იმ მხრივ, რომ ქართული ენა სრულად იყენებდეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საგანძურს, იყოს მაქსიმალურად მონოლითური, ჭეშმარიტად ხალხური და ჯეროვნად მოემსახუროს ქართველ ხალხს, როგორც მათი კულტურის წინსვლისა და განვითარების იარაღი.
ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა ისიც, რომ მან მოიძიოს და შეისწავლოს საცილობელი საკითხები და მეცნიერულად დასაბუთებული სახით მიაწოდოს დაინტერესებულ პირთ.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან პროფესორები: თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი, მანანა დათუკიშვილი, მარიამ ვარდიაშვილი,ზურაბ გამეზარდაშვილი, ბადრი ცხადაძე, ანზორ შავგულიძე, თამარ მალაღურაძე და სსტუ-ის რედაქტორები: აკაკი ჩიქოვანი, მედეა ბაზაძე. ჯგუფის ხელმძღვანელად არჩეულია ანზორ შავგულიძე, ხოლო სწავლულ მდივნად - მედეა ბაზაძე.
ჯგუფი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ითანამშრომლონ მათთან, გამოთქვან მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ჯგუფის საქმიანობის წარმატებას და, მაშასადამე, ზოგადად, ქართული სალიტერატურო ენის და კერძოდ ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას. |
|