14 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძემ განაცხადა, ამ ჯგუფის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ რეცენზენტების ინსტიტუტი დღეს მძიმედ მუშაობს.
“რეცენზენტების ინსტიტუტს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ამ ჯგუფის ჩამოყალიბება. უნდა დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი, რათა ავტორიცა და რეცენზენტიც ნაშრომს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ. უნდა მოვიძიოთ საცილობელი, სადავო ტერმინები და შევიმუშაოთ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფორმაა მართებული”, - აღნიშნა შავგულიძემ.
ანზორ შავგულიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სულ ახლახან სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) მუდმივმოქმედი ჯგუფი შეიქმნა, რომლის ძირითადი ამოცენებია გამომცემლობასთან მუდმივი კონტაქტი - რჩევები და დარგობრივი კონსულტაციები წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) საკითხებში; ასევე მუდმივი მონიტორინგი სტუ-ის საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მიერ გამოცემულ ბეჭდურ პროდუქციაზე, წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) ხარისხის შეფასების თვალსაზრისით. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიისა და წიგნის მხატვრული კონსტრუირების ჯგუფებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.
ანზორ შავგულიძის განცხადებით, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია შევსება ითხოვს. რამდენიმე ათეული წლის წინ გამოცემული ორტომეული დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
“კომპიუტერული პროგრამების შემოჭრამ, ახალმა ტექნოლოგიებმა ბევრი რამ შეცვალა. ქართული ენა საფრთხის წინაშე დადგა. შესაძლოა, უმართებულო ტერმინოლოგიის ნიაღვარმა ენა წალეკოს. ამიტომ, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ყოველივე ამას სჭირდება კალაპოტში ჩაყენება და მართვა. თუმცა დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ტექნიკური ტერმინოლოგიის 1935 წელს გამოცემულ კრებულში იყო ტერმინების ზედმეტად “გადმოქართულების” მცდელობა, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა”, - განაცხადა შავგულიძემ.
ანზორ შავგულიძის განცხადებით, ჯგუფმა უნდა დანერგოს უკვე გამოცემული წიგნების ხელახალი რედაქტირება. ეს იქნება საპირწონე ვარიანტი, რაც ავტორებისა და რედაქტორების პასუხისმგებლობას გაზრდის.
თემურ ჯაგოდნიშვილის განცხადებით, ამას წინათ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესთავაზა თანამშრომლობა ტექნიკური ტერმინოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საჩქარო საქმეა არსებული ტერმინოლოგიის გადახედვა და ამაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია.
“საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იმემკვიდრა და ავითარებს მეცნიერების მრავალ მიმართულებას. წლების განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ და მოვიწვიეთ მკვლევრები, მეცნიერები. გვაქვს კონკრეტული მიღწევები და საიმისო ძალა შეგვწევს, რომ ეს თემა სწორედ ჩვენ წამოვწიოთ”, - განაცხადა თემურ ჯაგოდნიშვილმა.
თემურ ჯაგოდნიშვილის განცხადებით, საჭიროა, შეიქმნას ფრაზეოლოგიური ლექსიკონები, რომლებშიც ტერმინები კონტექსტის დონეზე იქნება განმარტებული.
ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებით, ფრაზეოლოგიური ლექსიკონების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მასალა კი დარგობრივი ტერმინებიდან უნდა მოდიოდეს.
ბადრი ცხადაძის განცხადებით, ტექნიკური ტერმილოგიის ძველი ლექსიკონი არ იყო სრულყოფილი, რადგან ტერმინები არ იყო ლინგვისტურად გათვლილი. ახალ გამოცემაზე მუშაობისა ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
მედეა ბაზაძე აცხადებს, რომ ფრაზეოლოგიური ლექსიკონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ, რადგან ამ მიმართულებით დღეს საქმე არც ისე კარგადაა.
აკაკი ჩიქოვანის განცხადებით, ხშირადაა შემთხვევა, როდესაც ძნელდება ავტორის დარწმუნება ამა თუ იმ ტერმინის მართებულობაში. შესაბამისი ლექსიკონის მომზადება კი ამ პრობლემას გადაჭრის.
შეხვედრის ბოლოს ანზორ შავგულიძემ განაცხადა, რომ ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი კარგადაა შერჩეული და იმედი გამოთქვა, რომ მათ შორის ფუნქციები სწორად განაწილდება. მან ჯგუფის წევრებს, კონკრეტულად, თემურ ჯაგოდნიშვილს, სთხოვა, მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს გაშლილი გეგმა ფრაზეოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანზორ შავგულიძემ წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელით შეიმუშაონ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ავტორებმა გამოცემულ წიგნებს გაუკეთონ დანართი და განმარტონ, რას გულისხმობენ ამა თუ იმ ტერმინში. “ტერმინების სემანტიკური განმარტება სტუდენტს მასალის გააზრებაში დაეხმარება”, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სულ ახლახან ჩამოყალიბდა ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ზოგადად ქართული სალიტერატურო ენის და, კერძოდ, ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარების პროცესს იმ მხრივ, რომ ქართული ენა სრულად იყენებდეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საგანძურს, იყოს მაქსიმალურად მონოლითური, ჭეშმარიტად ხალხური და ჯეროვნად მოემსახუროს ქართველ ხალხს, როგორც მათი კულტურის წინსვლისა და განვითარების იარაღი.
ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა ისიც, რომ მან მოიძიოს და შეისწავლოს საცილობელი საკითხები და მეცნიერულად დასაბუთებული სახით მიაწოდოს დაინტერესებულ პირთ.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან პროფესორები: თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი, მანანა დათუკიშვილი, მარიამ ვარდიაშვილი,ზურაბ გამეზარდაშვილი, ბადრი ცხადაძე, ანზორ შავგულიძე, თამარ მალაღურაძე და სსტუ-ის რედაქტორები: აკაკი ჩიქოვანი, მედეა ბაზაძე. ჯგუფის ხელმძღვანელად არჩეულია ანზორ შავგულიძე, ხოლო სწავლულ მდივნად - მედეა ბაზაძე.
ჯგუფი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ითანამშრომლონ მათთან, გამოთქვან მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ჯგუფის საქმიანობის წარმატებას და, მაშასადამე, ზოგადად, ქართული სალიტერატურო ენის და კერძოდ ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას.