სტუ-ში ტექნიკური ფრაზეოლოგიის ლექსიკონის შექმნაზე იმსჯელეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტექნიკური ფრაზეოლოგიის ლექსიკონის შექმნაზე იმსჯელეს სტუ
24-03-2011, 01:05
სტუ-ში ტექნიკური ფრაზეოლოგიის ლექსიკონის შექმნაზე იმსჯელეს საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანზორ შავგულიძე ხელმძღვანელობს, განსახილველად წარადგინა ახალი პროექტების კონცეპტუალური რეზიუმეები. შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის ევრო-ამერიკულ სივრცეში ინტეგრირების პოლიტიკა განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს დასავლური ცივილიზაციის ღირებულებების დამკვიდრებას ქართული კულტურის, განათლების სფეროებში. აღნიშნული პროცესების ინტენსივობასა და მასშტაბებს, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის მსოფლიო გლობალიზაციის მოვლენები და გადატრიალება საზოგადოდ ჰუმანიტარული ცოდნა-აზროვნების სფეროში, კერძოდ, მეცნიერული ინტერესებისა და კვლევების ცენტრში ადამიანის დაყენება ანუ ანთროპოცენტრიზმი.

“სხვადასხვა მეცნიერული ტრადიციის შეხვედრა, დიალოგის დონეზე, აღნიშნულ გლობალურ მოვლენათა ზეგავლენა მეცნიერული ენის, მისი ფუნქციური სტილისა და განსაკუთრებით ლექსიკის (ტერმინების), ფრაზეოლოგიის (მათ შორის, ტერმინოლოგიური გამოთქმების) ნაირგვარობასა და პოლისემანტიკურობაშიც აისახება. ამის შედეგია დღეს მეცნიერების ამა თუ იმ დარგში, ერთი მხრივ, ტერმილოგიური სიუხვე, მეორე მხრივ, სინონიმია - ძირეული ქართული ტერმინების გვერდით უცხოურის (და ერთდროულად რამდენიმე სინონიმურის) არსებობაც. ვიტარება რთულდებაიმ მხრივაც, ბევრი, განსაკუთრებით დამწყები მკვლევარი ტერმინოლოგიური სიჭრელის გამო ზარალდება, რადგან შეუჩვეველია ტერმინების სისტემური გამოყენების თავისებურებებს. ამით კი, ცხადია, ყველაზე მეტად მათი ტექსტების მომხმარებელი - მკითხველი ზარალდება”, - აღნიშნა პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა.

მისი განცხადებით, ტერმინოლოგიის აქტუალურ პრობლემათა შორის დღეს უკვე ცხადადაა გამოკვეთილი ტერმინოლოგიური ფრაზეოლოგიის დამუშავებისა და ფრაზეოლოგიური ლექსიკონების შექმნის აუცილებლობა, რადგან, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი აღარ არის მხოლოდ სიტყვა-ტერმინის ცოდნა. აუცილებელი ხდება ტერმინული დატვირთულობის სიტყვის კონტექსტში - ფრაზაში გააზრება.

“დღეს პოსტსაბჭორი სივრცის ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ერთბაშად რამდენიმეენოვანი ფრაზეოლოგიური ლექსიკონის შედგენა. ჩვენში ამგვარი მუშაობა უფრო მოკრძალებულია. ამასთან, რაც უფრო სამწუხაროა, ისვიათი გამონაკლისების გარდა, ამ საქმეს უფრო დილეტანტები და შემთხვევითი ადამიანები ეტანებიან, რომლებიც მაინცდამაინც ვერ მოიწონებენ თავს ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის ბუნებისა თუ პრინციპების ცოდნით”, - განაცხადა მან.

სტუ-ში ტექნიკური ფრაზეოლოგიის ლექსიკონის შექმნაზე იმსჯელეს შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტერმინოლოგიურ ძიებებში დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანია ტექნიკური ტერმინოლოგიის სფერო. ტექნიკური ტერმინოლოგია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ენობრივი ცნობიერების სპეციფიკურობის გამო თვით კონკრეტული (მოცემული) დარგის წარმომადგენლისთვისაც კი ძნელად აღსაქმელი ხდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონებით ჩვენი მკითხველი საზოგადოება მაინცდამაინც არ არის განებივრებული. ბოლო აკადემიური ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამონაწილეობით 1977 წელს გამოიცა. ვითარებას განსაკუთრებულს ევრაფერს მატებს ვერც ცალკეული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების დამუშავების ფაქტები (მაგ.: მეტალურგიის ექვსენოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონი, პროფესორ გურამ ქაშაკაშვილის რედაქციით). ზოგადტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი (თანაც რამდენიმეენოვანი და ეტიმოლოგიური ტიპისა) აუცილებლად უნდა შედგეს და გამოიცეს, ისევე, როგორც დღეს უკვე უნდა დაიწყოს სამუშაო დარგობრივი სასწავლო ტერმინოლოგიური ლექსიკონების შესადგენად.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკური აზრის უპირველესი ცენტრია და ტექნიკური ტერმინების კანონიზება და საზოგადოებისთვის ნორმატიული ქვეტექსტებით შეთავაზება სწორედ მისი მოვალეობაა. ჩვენი საზოგადოება ამ სფეროს გააკადემიურებას უპირველესად მისგან მოელის. ამგვარი მოლოდინის გამოხატულებას წარმოადგენს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემოთავაზება ტექნიკური (ზოგადი) ტერმინოლოგიური ლექსიკონის შესაქმნელად ერთობლივი მუშაობის შესახებ. ამგვარი ლექსიკონების შექმნა, ცხადია, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალისტებთან ერთადაც არის შესაძლებელი და დამოუკიდებლადაც, მით უფრო, რომ საამისო გამოცდილებაც გვაქვს და სპეციალისტებიც გვყავს. ამას, სხვასთან ერთად, ცხადყოფს თუნდაც ჩვენი შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო ნაშრომი “ქართული დერივაციული, კომპოზიტური და სინტაგმატური სიტყვაფორმირების ფრაზეოლოგიური თვისებები და მათი კომპიუტერული მოდელირება”, რომელიც 2010 წლის ბოლოს დასრულდა”, - განაცხადა თემურ ჯაგოდნიშვილმა და დასძინა: “თანამედროვე ლექსიკოგრაფიულ-ლექსიკოლოგიური მუშაობა, მათ შორის, ტერმინოლოგიური ძიებანი, თანამედროვე დონეზე წარმოუდგენელია კომპიუტერული მოდელირებით ელექტროვერსიების შექმნის გარეშე. საქართველოს ტქნიკურ უნივერსიტეტში ამ მხრივაც არსებობს ხელშესახები ტრადიციები. ზემოთ ნახსენები საგრანტო ნაშრომი ქართული ფრაზეოლოგიზმების შესახებ მოიცავს სიტყვა-ფორმათა კომპიუტერულ მოდელებს, რომლებიც დამუშავებულია ჩვენი ჯგუფის წევრის, გიორგი კოხრეიძის მიერ”.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანზორ შავგულიძე ხელმძღვანელობს, განსახილველად წარმოადგინა შემდეგი პროექტების კონცეპტუალური რეზიუმეები, ხოლო მათზე მოთხოვნათა შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება პროექტის დაწვრილებითი აღწერა-დახასიათება სათანადო ფორმით:

1. ზოგადტექნიკური ქართულ-ინგლისურ-რუსული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონის შექმნა და მისი კომპიუტერული ვერსიის დამუშავება. ივარაუდება ახალი ტიპის სასწავლო და სამეცნიერო ლექსიკონის შექმნა შესაბამის ლინგვისტურ მონაცემთა ბაზით. ლინგვისტურ-კომპიუტერულად დამუშავდება სალექსიკონო ტექნიკური ტერმინებისა და ტექნიკურ დარგებში გავრცელებული ფრაზეოლოგიზმის შემცველი შესიტყვებები;

2. ქართული ენის ფრაზეოლოგიზმი და ფრაზეოლოგია (სრული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი). პროექტის გნხორციელების შემთხვევაში, ხელთ გვექნება ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიულ-ლექსიკოლოგიური გამოკვლევით. ლინგვისტურ კვლევებში ჩაირთვება ქართული ენის დიალექტების, ასევე ცოცხალი მეტყველების ფრაზეოლოგიური ნიმუშები;

3. ქართული ტექნიკური ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. პროექტის მიზანია ქართული საინჟინრო-ტექნიკური მეცნიერული ენის თავისებურებათა გამოვლენით, ფრაზეოლოგიზმების თვისებათა მქონე მყარ სიტყვათშეთანხმებათა დადგენა და სალექსიკო ერთეულებად გამოყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, პირველად ქართულ სინამდვილეში, შეიქმნება დროის სულისკვეთების შესატყვისი ქართული ტექნიკური ფრაზეოლოგიური ლექსიკონი.

“ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრაზეოლოგიზმი ორი ან მეტი სიტყვის შეკავშირების შედეგად მიღებული დაუშლელი გამოთქმაა, რომლის მნიშვნელობაც არ უდრის მასში შემავალი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს და, ამის გამო, სიტყვასიტყვით არ იტარგმნება, ცხადი გახდება ორ- და სამ- (ან მეტ-) ენოვანი ფრაზეოლოგიური ლექსიკონების გამოცემის მნიშვნელობა, მათ შორის, ტექნიკური ტერმინოლოგიის სფეროშიც”, - აღინიშნა შეხვედრაზე.

ანზორ შავგულიძის განცხადებით, აუცილებელია ჯგუფის თანამშრომლობა ტექნიკური დარგების წარმომადგენლებთან. “პირადად მე და ჩემი დარგის სპეციალისტებს შეგვიძლია, პროექტი უზრუნველვყოთ საინჟინრო გრაფიკასთან დაკავშირებული დეტალების მოწესრრიგებით”, - განაცხადა მან.

ლევან კლიმიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. “ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის შექმნა მეტად აქტუალურია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია. ბუნებრივია, აქტიურად ჩავერთვებით აღნიშნულ პროექტში და ამ ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, - განაცხადა მან.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
  • “ტექნიკურ უნივერსიტეტში” ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი ჩამოყალიბდა
  • ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი
  • სტუ-ში ანზორ შავგულიძის სახელობის კომპიუტერული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება
  • პროფესორი ანზორ შავგულიძე გარდაიცვალა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge