|
5-01-2011, 00:40
5 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, გია არსენიშვილს, 69 წელი შეუსრულდებოდა.
გია არსენიშვილი 2010 წლის 17 ნოემბერს 68 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.
გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. იგი იყო თსუ-ის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1995-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000-2001 წლებში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ხოლო 2001-2004 წლებში წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა, სლოვაკიაში, ჩეხეთში.
2004-2006 წლებში გია არსენიშვილი აირჩიეს საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2008 წლის ივნისიდან - საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, არსენიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი მაგისტრანტებისთვის: "სამეცნიერო კვლევების მათემატიკური უზრუნველყოფა", რომელიც შეიცავს მიმართულებებს: ფურიეს მწკრივი, ფურიეს ინტეგრალი და მათი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და სიგნალების გადაცემის თეორიაში; თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული წრედების ამოცანებში; ვექტორული ალგებრა და მისი გამოყენება ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში; ტელეტრაფიკის თეორიის მათემატიკური მეთოდები.
|არსენიშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია რიგთა თეორიის პრობლემების შესწავლასა და განვითარებასთან. მან 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: "ნახევრად მარკოვის პროცესები და მათი გამოყენება", ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია: "სატელეკომუნიკაციო სისტემები ცვალებადი ინტენსიობით" და 2006 წელს გამოსცა მონოგრაფია "რიგთა თეორია", რომელიც წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ძირითად სახელმძღვანელოს", - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ გავრცელებულ ნეკროლოგში.
გია არსენიშვილს შემოქმედებითი ურთიერთობები ჰქონდა ევროპის მრავალ საგანმანათლებლო ცენტრებთან, მათ შორის, აღსანიშნავია შტუტგარტის უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა, რომლის ცნობილ პროფესორებთან ერთად მუშაობდა ახალ სახელმძღვანელოზე ტელეტრაფიკის თეორიაში.
არსენიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატელეფონო გამოძახებათა ნაკადების ჭარბი დატვირთვების მომსახურების სისტემების შესწავლაში, კერძოდ, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრის ალგორითმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფი.
არსენიშვილმა 1994 წელს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ტელეტრაფიკის პირველი სპეციალისტის ა. კ. ერლანგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თანდართული ინგლისურენოვანი ანოტაციით, სპეციალურად, ამ მეცნიერის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო დღესასწაულზე წარსადგენად კოპენჰაგენში. ამ ფაქტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დანიის საზოგადოებაზე, რომ საქართველოშიც იცნობენ მათი სახელოვანი თანამემამულის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. |
|