|
19-11-2010, 13:19
ორშაბათს, მაგისტრანტებთან სამსაათიანი ლექციის დამთავრების შემდეგ, აუდიტორიიდან ჯგუფთან ერთად გამოსული პროფესორი გია არსენიშვილი მხიარულად საუბრობდა, უზიარებდა ყველას თავის შთაბეჭდილებას პროფესორ-მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. არაფერი მიანიშნებდა იმ შესაძლო ტრაგედიაზე, რომელიც ოთხშაბათს მოხდა და ბატონი გია დავკარგეთ.
დავკარგეთ მეგობარი, ჩვენი კოლეგა, მაღალი ერუდიციისა და დიდი გამოცდილების მქონე პროფესორი, კეთილმოსურნე და მომხიბლავი ადამიანი, ოპტიმისტი და ენთუზიასტი, კეთილშობილი. პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად აფასებდა სიცოცხლეს, რაც, პირველ ყოვლისა, მკაფიოდ ვლინდებოდა მის საქმიანობაში. სერიოზული, შემოქმედებით შრომაში თავდავიწყებული იყო. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი მაგისტრანტებისთვის: “სამეცნიერო კვლევების მათემატიკური უზრუნველყოფა”, რომელიც შეიცავს მიმართულებებს: ფურიეს მწკრივი, ფურიეს ინტეგრალი და მათი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და სიგნალების გადაცემის თეორიაში; თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული წრედების ამოცანებში; ვექტორული ალგებრა და მისი გამოყენება ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში; ტელეტრაფიკის თეორიის მათემატიკური მეთოდები.
გია არსენიშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია რიგთა თეორიის პრობლემების შესწავლასა და განვითარებასთან. მან 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: “ნახევრად მარკოვის პროცესები და მათი გამოყენება”, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია: “სატელეკომუნიკაციო სისტემები ცვალებადი ინტენსიობით” და 2006 წელს გამოსცა მონოგრაფია “რიგთა თეორია”, რომელიც წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ძირითად სახელმძღვანელოს.
გია არსენიშვილის ცხოვრება მუდამ აღსავსე იყო დაძაბული შრომით. მოღვაწეობის ინტენსიობითა და შედეგიანობით მას ძნელად თუ შეედრება ვინმე. შემოქმედებითი ურთიერთობები ჰქონდა ევროპის მრავალ საგანმანათლებლო ცენტრებთან, მათ შორის, აღსანიშნავია შტუტგარტის უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა, რომლის ცნობილ პროფესორებთან ერთად მუშაობდა ახალ სახელმძღვანელოზე ტელეტრაფიკის თეორიაში.
გია არსენიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატელეფონო გამოძახებათა ნაკადების ჭარბი დატვირთვების მომსახურების სისტემების შესწავლაში, კერძოდ, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრის ალგორითმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფი.
ბატონი გია რომანტიკოსიც იყო. მან 1994 წელს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ტელეტრაფიკის პირველი სპეციალისტის ა .კ. ერლანგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თანდართული ინგლისურენოვანი ანოტაციით, სპეციალურად, ამ მეცნიერის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო დღესასწაულზე წარსადგენად კოპენჰაგენში, რაც განახორციელა კიდეც. ამ ფაქტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დანიის საზოგადოებაზე, რომ საქართველოშიც იცნობენ მათი სახელოვანი თანამემამულის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ასეთი იყო ბატონი გია, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში პირნათლად ემსახურებოდა მეცნიერისა და მოქალაქის მოვალეობას.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მრავალმხრივ განათლებული, მომხიბლავი და გონებამახვილი ადამიანი ჩვენ შორის აღარ არის. ბატონი გია არსენიშვილის ნათელი ხსოვნა, როგორც ნიჭიერ მეცნიერზე და პედაგოგზე დიდხანს შერჩება ყველას, ვისაც ერგო მისი ნაცნობობის ბედნიერება, ვინც მასთან ერთად მუშაობდა, იყო მისი მოსწავლე და მეგობარი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები |
|