|
21-11-2010, 01:01
საქართველოს პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, გია არსენიშვილს, ლეო ქიაჩელის ქ. # 5/7-იდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს პარლამენტი გაიღებს.
გია არსენიშვილი 68 წლის ასაკში, გულის შეტევით, 17 ნოემბერს გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აღნიშნავენ, არსენიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი მაგისტრანტებისთვის: “სამეცნიერო კვლევების მათემატიკური უზრუნველყოფა”, რომელიც შეიცავს მიმართულებებს: ფურიეს მწკრივი, ფურიეს ინტეგრალი და მათი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და სიგნალების გადაცემის თეორიაში; თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული წრედების ამოცანებში; ვექტორული ალგებრა და მისი გამოყენება ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში; ტელეტრაფიკის თეორიის მათემატიკური მეთოდები.
გია არსენიშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია რიგთა თეორიის პრობლემების შესწავლასა და განვითარებასთან. მან 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: “ნახევრად მარკოვის პროცესები და მათი გამოყენება”, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია: “სატელეკომუნიკაციო სისტემები ცვალებადი ინტენსიობით” და 2006 წელს გამოსცა მონოგრაფია “რიგთა თეორია”, რომელიც წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ძირითად სახელმძღვანელოს.
გია არსენიშვილის ცხოვრება მუდამ აღსავსე იყო დაძაბული შრომით. მოღვაწეობის ინტენსივობითა და შედეგიანობით მას ძნელად თუ შეედრება ვინმე. შემოქმედებითი ურთიერთობები ჰქონდა ევროპის მრავალ საგანმანათლებლო ცენტრთან, მათ შორის, აღსანიშნავია შტუტგარტის უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა, რომლის ცნობილ პროფესორებთან ერთად მუშაობდა ახალ სახელმძღვანელოზე ტელეტრაფიკის თეორიაში.
გია არსენიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატელეფონო გამოძახებათა ნაკადების ჭარბი დატვირთვების მომსახურების სისტემების შესწავლაში, კერძოდ, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრის ალგორითმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფი. |
|