|
8-02-2011, 14:27
8 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა. სახელმძღვანელო გათვლილია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პირებზე, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. განათლების აღიარების სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება განათლების ინტერნაციონალიზაციაში. პრეზენტაცია ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და ელექტრონული ფორმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით, უცხოეთის გამოცდილებასა და ქართული რეალობას განიხილავენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, დავით კერესელიძის ორგანიზებით ტარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა ბოლონიის პროცესისა და ლისაბონის შეთანხმების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოში შექმნილი განათლების ხარისხისა და მართვის ცენტრი, რომელსაც დავით კერესელიძე ხელმძღვანელობს, იქნება გარანტი იმისა, რომ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ხელოვნური ბარიერი აღარ შეექმნებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ სურგულაძის განცხადებით, საქართველო, განათლების სისტემის კუთხით, ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.
“2005 წელს საქართველო, განათლების სისტემის კუთხით, შეუერთდა ბოლონიის პროცესს. 2008 წელს კი ხელი მოეწერა საჯარო სამსახურების დაძმობილების, ე. წ. ტუნინგის პროექტს. თუ აქამდე აღიარებისა და მობილობის ხელშეწყობის მხრივ გარკვეული პროგრამები არსებობდა, ახლა ყოველივე ეს წარმატებით აღმოიფხვრება”, – განაცხადა სურგულაძემ. |
|