|
24-01-2011, 14:40
საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დავით კერესელიძემ, ბრიფინგი გამართეს.
როგორც სურგულაძემ განაცხადა, იწყება სტუდენტთა მობილობის ანუ ერთი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის პროცესი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა დღეიდან 6 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge.
მობილობის უფლებით მხოლოდ ის სტუდენტები სარგებლობენ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში კანონით დადგენილი წესებით არიან ჩარიცხული და დარეგისტრირებულები არიან სტუდენტთა რეესტრში. ეს პროცესი იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც ეხებათ, რომლებსაც აკრედიტაცია გაუუქმდათ და საგანმანათლებლო საქმიანობას ვეღარ აწარმოებენ.
დაინტერესებულ პირებს ერთიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში გადასასვლელად შეუძლიათ, აირჩიონ არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პორტალის მონაცემების შესაბამისად სტუდენტმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, მან 2011 წლის 7 თებერვლიდან განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულებას, სადაც პირადი საქმის ასლს წარადგენს. კანონის თანახმად, მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება.
გასულ წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს განაცხადით 4000-მდე სტუდენტმა მიმართა. |
|