|
1-08-2011, 19:53
2011 წლის 1-იდან 31 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა მობილობა ცხადდება, აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა შეუძლიათ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით მობილობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგევრდზე, მობილობის პორტალზე www.eqe.ge დარეგისტრირდნენ. მობილობა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლას გულისხმობს და ამ პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით გახდა სტუდენტი, ისწავლა მინიმუმ ერთი წელი და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტში აქვს სტუდენტის სტატუსი.
მობილობის მსურველი სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელს, რომელშიც გადასვლა სურს თავად ირჩევს ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული სიიდან და ელექტრონული განაცხადით თავის არჩევანს აფიქსირებს.
მობილობის მსურველ სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს მაქსიმუმ 5 საგანმანათლებლო პროგრამა. მობილობის პორტალზე სტუდენტებს შეეძლებათ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი მინიმალური საკონკურსო ქულა იხილონ. შესაბამის პროგრამაზე მოსახვედრად სტუდენტის საკონკურსო ქულა უნდა აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მობილობის ის მსურველები მოიპოვებენ, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად ექნებათ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტების განაცხადების შესაბამისად.
თუ მითითებულ ფაკულტეტზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, ჩარიცხვისას პრიორიტეტი იმ მსურველებს ენიჭებათ, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
მობილობის პროცესით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლიდან არააკრედიტებულ ლიცენზირებულ სასწავლებლებში ჩაირცხნენ, სხვა სასწავლებელში გადასვლისთვის მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ. მობილობა კანონის თანახმად წელიწადში 2-ჯერ, სემესტრის დაწყებამდე ცხადდება. სტუდენტს ამ პროცესში ჩართვა სწავლის განმავლობაში შეუზღუდავად, მათ შორის რამდენჯერმეც შეუძლია. მობილობის მსურველად რეგისტრაცია სტუდენტს თავისი თერტმეტნიშნა პირადი ნომრის საფუძველზე შეუძლია. mes.gov.ge |
|