|
25-01-2012, 13:07
სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლესში 50 ლარის გადახდა მოუწევთ. აღნიშნულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახმად, მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით, რომლის მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ. ამ საფასურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მოიპოვებს მობილობის მსურველის სტატუსს.
საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება.
გარდა ამისა, საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან სტუდენტი, რომლის ოჯახიც, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და მისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. |
|