|
11-10-2012, 12:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილება შედის.
ცვლილების თანახმად, "შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შიდა მობილობის შედეგები ორი კვირის ვადაში მიაწოდოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს".
გარდა ამისა, "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად".
შეგახსენებთ: აღნიშნული პუნქტი შეცვლამდე შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “თუ დაწესებულების ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით”. |
|