|
4-02-2012, 00:39
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე უნდა დააფიქსირონ, რომელიც 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.ge - ამოქმედდება.
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურად დახვეწა ელექტრონული პორტალის მუშაობა, გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი და შედეგად, 2012 წლის მობილობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება.
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი თერთმეტნიშნა ნომრით, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლის სახელსა და პაროლს დააფიქსირებს, შექმნის შესაბამის პროფილს. არჩევანის რეგისტრაციისათვის მას შეუძლია სასურველი ფაკულტეტები/პროგრამები მონიშნოს.
მობილობის მსურველს უფლება აქვს, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტი ან პროგრამა აირჩიოს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, არჩევანის შესაცვლელად აღარ იქნება საჭირო გაუქმების კოდი. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლებათ შეცვალონ ფაკულტეტები ან პროგრამები.
მობილობის მსურველ სტუდენტს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში.
მობილობის შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი - www.eqe.ge. mes.gov.ge |
|