სტუ-ის სტუდენტები GEOSTM-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმდნენ.
საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა (GEOSTM) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 3 თებერვალს გაფორმდა. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში (GEOSTM), ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - “PCA 51-ე მუხლის უზრუნველყოფის ხელშეწყობა (ხარისხის მართვის სისტემები)“ - მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტომ (GEOSTM), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში განახორციელეს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები GEOSTM-ში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ეროვნული კვლევითი ცენტრის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის სპეციალისტის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტის, გიორგი სარიშვილის (სპეციალობა ექსპერტიზა, სერთიფიკაცია და ხარისხის მართვა) განცხადებით, სტუ-ის სტუდენტებს ამ სფეროში პრაქტიკის გავლის ასეთი საშუალება აქამდე არ ჰქონდათ. ამ პროექტის ფარგლებში კი, სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების, სპეციალობის უკეთ შესწავლისა და შესაბამისი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცათ.
“ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის შექმნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან იგი ორიენტირებული იქნება დღევანდელი რეალობისთვის პრიორიტეტულ ყველა სფეროზე. სტანდარტული ნიმუშები შეიქმნება ყველა იმ სფეროსთვის, რომლებზედაც საქართველოში დიდი მოთხოვნა არსებობს”, - განაცხადა გიორგი სარიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
მისი განცხადებით, GEOSTM-ში სტაჟირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ათამდე სტუდენტმა გაიარა და მათგან ორი - ინა ქავთარაძე (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და თავად გიორგი სარიშვილი - უკვე დასაქმდა.
“GEOSTM-ში, “ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიაში, სტუდენტების სტაჟირება გრძელდება. ამჟამად სტუ-ის კიდევ სამი სტუდენტი გადის სტაჟირებას”, - განაცხადა სარიშვილმა.
პროექტი (ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის შექმნა) ევროკავშირისა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. ლაბორატორია უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, რომლის ღირებულება 400 000 ევროს აჭარბებს. ამ ლაბორატორიის ანალოგი ამიერკავკასიის მასშტაბით არ არსებობს. ლაბორატორია ოფიციალურად 3 თებერვალს ამოქმედდა. პერსონალს საგანგებო ტრეინინგები უკვე ჩაუტარდა.
ახალი ლაბორატორია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში განთავსდა. ყველა მეწარმე ვალდებული იქნება პროდუქციის დამზადებისას ან შემოტანისას ამ ნიმუშებით იხელმძღვანელოს. სტანდარტული ნიმუშები შეიქმნება ყველა იმ პრიორიტეტული სფეროსთვის, რომლებზედაც საქართველოში დიდი მოთხოვნა არსებობს. ლაბორატორიის მიზანია სტანდარტული ნიმუშების შექმნა, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს ყველა ის საწარმო თუ ლაბორატორია, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში არის დასაქმებული. ამ ნიმუშებით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ყველა საწარმოსა და მცირე ლაბორატორიისთვის. პროდუქტის ხარისხის სტანდარტს მეწარმეები ამ ნიმუშების საშუალებით გადაამოწმებენ. ამ ნიმუშების გათვალისწინება განსაკუთრებით იმ საწარმოებს მოუწევთ, რომლებიც ექსპორტზე გადიან. საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიას შეუძლია ჩაატაროს უნიკალური გამოკვლევები სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, გარემოს შესწავლაში, კრიმინალისტიკაში.
პროექტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აღნიშნული სტანდარტული ნიმუშების გამოყენებით მეწარმეებს საშუალება ექნებათ, გავიდნენ ევროპისა თუ სხვა ქვეყნების ბაზარზე, სადაც ხარისხის მაღალი სტანდარტებია დამკვიდრებული.
GEOSTM - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და GEOSTM-ს შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის პირობები ასეთია: 1. სტუ სააგენტოში არსებული ლაბორატორიული ბაზის საფუძველზეე უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; 2. სტუ განახორციელებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევების მართვას და შესაბამისი სამეცნიერო კადრებით უზრუნველყოფას; 3. სააგენტო მიიღებს სტუ-ის მაგისტრანტ/დოქტორანტებს სტაჟირების გასავლელად; 4. სტუ და სააგენტო თანამესაკუთრენი იქნებიან ყველა იმ შედეგისა, რაც მიღებული იქნება აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობით; 5. შედეგების გამოყენებისას პუბლიკაციებში, ლიტერატურულ წყაროებში ან ელექტრონული გავრცელების რესურსებში სტუ და სააგენტო წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თანაავტორები; 6. სტუ და სააგენტო გამოსცემენ ერთობლივ პუბლიკაციებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში.