20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება ---
1-04-2011, 14:49
20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება 20 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნატოს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით, სტუ-ის ახლად აღდგენილი ორკესტრის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება.

სახელოვან საესტრადო ორკესტრს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ორკესტრმა თავისი მრავალწლოვანი მოღვაწეობის განმავლობაში შინაარსიანი და მდიდარი შემოქმედებითი გზა განვლო. დიდია მისი დამსახურება სტუდენტური თვითშემოქმედებისა და, საერთოდ, ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

ინსტიტუტში საესტრადო ორკესტრის შესაქმნელად პირველი ნაბიჯი 1932 წელს გადაიდგა, როდესაც პროფესორ ნიკოლოზ თევზაძის ხელმძღვანელობით, პირველი სასულე ორკესტრი ჩამოყალიბდა. ორკესტრმა თითქმის ათ წელიწადს იარსება. მომდევნო წლებში განახლებულ ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ რობერტ შაჰნაზაროვი და კოტე კარგარეთელი.

1944 წელს ინსტიტუტში დორიან კიტია მოვიდა, რომელიც სტუდენტური შემოქმედებითი ცხოვრების სული და გული გახდა. სწორედ მისი ინიციატივით, 1948 წელს ორკესტრის ხელმძღვანელი გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკოლოზ თევზაძის ყოფილი მოწაფე იოსებ ტუღუში გახდა, რომელიც ორკესტრს 22 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა.

ი. ტუღუშმა და დ. კიტიამ გარს ახალგაზრდა, იმედის მომცემი ძალები შემოიკრიბეს და წარმატებით შეუდგნენ დასახული მიზნის განხორციელებას. მაგრამ მათი მოღვაწეობა მარტო ორკესტრის გაძლიერებით არ ამოიწურებოდა, რადგან აცნობიერებდნენ, თუ რა დიდი აღმზრდელობითი ზეგავლენა ჰქონდა სტუდენტ-ახალგაზრდობაზე მათივე თანატოლების მიერ წარმოთქმულ სიტყვას, გათამაშებულ სახეებს. აქედან დაიბადა ის ხალასი იუმორი, რითაც სპი-ს მხატვრული კოლექტივი მაყურებელს ასე ძლიერ ხიბლავდა. საჭირო გახდა კონცერტებში კონფერანსიეთა ჩართვა. პირველად მაშინ გამოჩნდნენ ესტრადაზე პაატა კახნიაშვილი და ბაჯული გელოვანი, რომლებმაც განუმეორებელი წყვილი შექმნეს. შემდეგში მათ, აბესალომ ლორიას, ირაკლი მამაცაშვილის, გია ჭირაქაძის, ქართლოს კასრაძის, ოთარ წეროძისა და სხვათა სახით, უნიჭიერესი კონფერანსიეები შეემატათ.

ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი კვარტეტი დორიან კიტიას, გურამ მირიანაშვილის, ნოდარ ცაბაძისა და ნოდარ კალანდაძის შემადგენლობით.

1953 წლიდან ორკესტრი რესპუბლიკაში წამყვანი საესტრადო კოლექტივი გახდა. ამ დროს შეიქმნა ახალი კვარტეტი გურამ ბზვანელის, შოთა ხარაბაძის, თამაზ ცინცაძისა და გურამ ბაკურაძის მონაწილეობით. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა საკუთარი ხელწერით. ასეთი სტილისა და ფორმის კვარტეტი პირველი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ამ მხრივ, დიდია ხელმძღვანელის, კომპოზიტორ გურამ ბზვანელის დამსახურება, რომელმაც საესტრადო ხელოვნების განვითარებაში ღრმა კვალი გაავლო.

ორკესტრის შემდგომ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა კომპოზიტორმა კონსტანტინე პევზნერმა. დ. კიტიას, ი. ტუღუშისა და კ. პევზნერის ერთობლივი მუშაობით, ორკესტრი საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი გახდა. ფაქტობრივად, ინსტიტუტის საესტრადო კოლექტივი პროფესიულ დასად ჩამოყალიბდა, როდესაც, 1956 წელს, მის ბაზაზე სახელმწიფო ორკესტრი "რერო" შეიქმნა.

1962 წელს ორკესტრის შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. ასპარეზზე ახალგაზრდა, ნიჭიერი ძალები გამოჩნდნენ. ჩამოყალიბდა კვარტეტი _ გივი გაჩეჩილაძის, ავთანდილ მამაცაშვილის, დავით ბალანჩივაძისა და გივი გაბუნიას შემადგენლობით. ამ დროს იწყებს მოღვაწეობას პირველი ტრიო _ ჯემალ სუხიშვილის, მერაბ მახარაძისა და ივიკო საყვარელიძის მონაწილეობით. ტრიო დიდი წარმატებით ასრულებდა როგორც საესტრადო და გადამუშავებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ასევე უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. აღსანიშნავია, აგრეთვე, კვარტეტი რენო ახობაძის, თემურ კლდიაშვილის, ზაურ და მარსელ კაპანაძეების შემადგენლობით.

20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება 1970 წელს ორკესტრს სათავეში გივი გაჩეჩილაძე და ვლადიმერ ენუქიძე ჩაუდგნენ. მათ ახალი, პერსპექტიული ძალები შემოიკრიბეს გარშემო. შეიქმნა მორიგი კვარტეტი _ ლევან მაღრაძის, ომარ ბოლქვაძის, სოსო გიორგაძისა და ნუგზარ გამყრელიძის მონაწილეობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ცისფერი ტრიოს" (დათო აბესაძე, თამაზ სეფერთელაძე, მალხაზ თავართქილაძე) გამოჩენა ქართულ ესტრადაზე. ამ ტრიოს როლი ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში ყველასთვის თვალნათელია. ამის დადსტურებაა 2009 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ "ცისფერი ტრიოს" სახელობის `ვარსკვლავის~ გახსნა. იმავე პერიოდში ორკესტრის კონცერტებში მონაწილეობდა ცნობილი კვარტეტი "თბილისი" (ირაკლი ნიკოლაიშვილი, გივი კაპანაძე, ვახტანგ რევია, რეზო ასათიანი).

20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება 1974 წელს ი. ტუღუში სპი-ს თვითმოქმედი კოლექტივების სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ორკესტრის სათავეში გიორგი კალანდაძე, 1978 წელს კი _ ლევან გოგიჩაიშვილი მოვიდნენ. ამ პერიოდში ორკესტრის შემადგენლობა მთლიანად გადახალისდა. მაყურებელთა წინაშე წარდგა ახალი, რიგით მესამე ტრიო _ რეზო გელაშვილის, ნუგზარ აფხაიძისა და თამაზ ორჯონიკიძის შემადგენლობით, რომელიც მსმენელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ამ ტრიოს ბაზაზე შეიქმნა შემდეგში ორი ცნობილი ტრიო _ "თბილისი" და "სიმი". ორკესტრში მოღვაწეობდა, აგრეთვე, ქალთა შესანიშნავი კვარტეტი მანანა ებრალიძის, ლიკა ქალიაშვილის, მანანა ხოშტარიასა და რედი რევაზიშვილის მონაწილეობით.

1981_89 წლებში ორკესტრს ზურაბ კობეშავიძე და ირაკლი კალმახელიძე ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც წარმატებით აგრძელებდნენ წარსულის მდიდარ ტრადიციას. ამ დროს შეიქმნა ქალთა ტრიო ნუკრი კაპანაძის, მარინე ბედოშვილისა და მაია ჩაჩიბაიას შემადგენლობით, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მზია ლომინაძეს მიუძღვის.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების - კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილისა და ლოტბარ იუზა კუბლაშვილის დამსახურება საესტრადო ორკესტრის წინაშე. მათ მიერ სხვადასხვა დროს დაარსებულ სასიმღერო სტუდიასა და ვაჟთა სახალხო კაპელაში აღზრდილი სტუდენტი მომღერლებით მუდმივად ხდებოდა ორკესტრის შევსება-გადახალისება.

1990-იანი წლებიდან, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ორკესტრმა არსებობა დროებით შეწყვიტა.

მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ორკესტრის ყველა კონცერტი სრული ანშლაგით ტარდებოდა. იგი წარმატებით უწევდა შემოქმედებით მეტოქეობას ქვეყნის საუკეთესო პროფესიულ საესტრადო კოლექტივებს. ამიტომ როცა დღეს სპი-ს საესტრადო ორკესტრის წარსულს ვიხსენებთ, იბადება კითხვა _ მაინც რამ განაპირობა მისი ასეთი წარმატება? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ენთუზიაზმი იყო, რომელსაც იჩენდნენ როგორც საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელები და წევრები, ასევე ინსტიტუტის მესვეურები. ყოველივე ამან სპი-ს საორკესტრო კოლექტივს საშუალება მისცა, ახალი სიტყვა ეთქვა არამარტო ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. მან ბევრი სიახლე შემოიტანა ესტრადაზე, რამაც დროის გამოცდას გაუძლო. ეს იყო პირველი ორკესტრი, რომელმაც წინ წამოწია კონფერანსიეთა როლი, ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი და ტრიო, დაამკვიდრა ახალი თემატიკა და ფორმები, იღვწოდა ეროვნული სახის შესაქმნელად, ესტრადაზე გზა გაუკაფა იუმორს, ქართულ სიტყვას, სიმღერას, ცეკვას, ჯაზურ იმპროვიზაციებს. იგი საესტრადო ძალების ნამდვილი სამჭედლო იყო _ ქართული ესტრადის გამოჩენილ წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ სწორედ აქ აიდგა ფეხი. აქ გადადგა პირველი ნაბიჯები ჩვენმა სასიქადულო მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, აქვე გამოჩნდა პატარა ირმა სოხაძე; ამ სცენიდანვე დაუტოვა თავის საყვარელ მსმენელს განუმეორებელმა ჯილდა დათუაშვილმა მარადიული სახსოვარი. კიდევ ბევრი შესანიშნავი სახელის ჩამოთვლა შეიძლება: ჯანო ბაგრატიონი, ნიკო ჯადუგიშვილი, დემურ ცქიტიშვილი, ვანიკო მაჭავარიანი, რობერტ ბარძიმაშვილი, ბუბა კიკაბიძე, ჯემალ ბაღაშვილი, ნანული აბესაძე, მედეა გონგლიაშვილი, ეთერ კაკულია, ჯულიეტა ვაშაყმაძე, გიული ჩოხელი, დები ნათელა და გიუგულა ჩაფიჩაძეები, ლოლა ხომიანცი. რემა დანცესი, ირინა ხაჩატუროვა, თენგიზ ჩანტლაძე, კაკო ვაშალომიძე, გია მაჭარაშვილი, ბიძინა მახარაძე, ჯემალ სეფიაშვილი, მერაბ სანოძე, ენვერ ხმირიოვი, ალეკო მანჯგალაძე, ანზორ მუსერიძე, ირაკლი მინდიაშვილი, ზაზა მამალაძე, ზაზა ვეფხვაძე, ზურა ცქიტიშვილი, საშა მედვედცკი, არჩილ მეფარიძე, ლეილა როდე-ჩიჯავაძე, სერგო გოცირიძე, მურაზ ქურდაძე, კოტე ჩხეიძე, მიშა გოგეშვილი, მალალო ლორთქიფანიძე, ლელა სიხარულიძე, ეკა კვალიაშვილი, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ მაისაშვილი, ირაკლი კალანდაძე, ზურა გაგნიძე, თემურ ნიკოლაიშვილი, ბესო ბერულაშვილი, ალეკო თეთრაშვილი და სხვები.

ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პირადად რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით, მოხერხდა ორკესტრის აღდგენა. აღდგენილ ორკესტრს სათავეში ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ჩაუდგა.

რექტორის ხელმძღვანელობითვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი დათო აბესაძის, ჯემალ ბაღაშვილის, თამუნა ბზვანელის, რეზო გელაშვილის, სოსო გიორგაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზაზა ვეფხვაძის, ირაკლი მამაცაშვილის, თამაზ ორჯონიკიძის (კოორდინატორი), თამაზ სეფერთელაძის, ირმა სოხაძის, თემურ ტუღუშის, ოთარ წეროძისა და გია ჭირაქაძის შემადგენლობით. 2012 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე და ორკესტრის შექმნიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ჯგუფი გეგმავს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ორკესტრის სახელობითი ,,ვარსკვლავის” გახსნას.
20 აპრილს სტუ-ის საესტრადო ორკესტრის პრეზენტაცია გაიმართება
 
 

ასევე:

  • ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა
  • “ილიონი”ნუგზარ აფხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს აწყობს
  • დღეს "პირველი კულტურული ორკესტრის" პრეზენტაცია გაიმართება
  • დღეს "ცისფერი ტრიოს" ვარსკვლავი გაიხსნება
  • 11 იანვარს “თბილისის კონცერტინოს” შემოქმედებითი საღამო გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge