18 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩერნობილის ტრაგედიის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თენგიზ სანაძემ წაიკითხა ლექცია ატომური ელექტროსადგურების კატასტროფების შესახებ. სანაძემ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებში ავარიულ პროცესებს იწვევს.
შეხვედრა გახსნა საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ჩერნობილის კატასტროფის სახელით 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარ ავარიას მოიხსენიებენ. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.
ჩერნობილის ავარია სსრკ-ისთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.