საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია, სიმბოლური სახელით - “ერთი დღე სიგარეტის გარეშე”.
სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სიგარეტის ანტიპროპაგანდის მიზნით სტუ-ის სტუდენტებისათვის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სახის გასართობი, სპორტული ღონისძიება, რომელშიც ყველა მსურველს ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა.
გაიმართა შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (street-ball), ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
შეჯიბრებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმა DJ-მ. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო, შეეხსენებინა და უფრო მეტად ინფორმირებული გაეხადა სტუდენტები სტუ-ის სასწავლო კორპუსებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.